მანანა კობახიძე: ელისაშვილმა ჩათვალა, რომ პატრიარქის ზურგს უკან ფულის კეთებას ვაპირებდი

როდესაც პრეზიდენტი ელისაშვილს პირადი დაცვით სარგებლობას სთავაზობს, ალბათ ჩემგან ან ეკა ბესელიასგან იცავს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა “2030”-ში განაცხადა. 
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ ის ალეკო ელისაშვილს ემუქრებოდა, შეწყალების კომისიის ყოფილ თავჯდომარეს ეს აქამდეც უნდა ეთქვა.
“როცა პრეზიდენტი ელისაშვილს პირადი დაცვით სარგებლობას სთავაზობს, ალბათ ჩემგან ან ეკა ბესელიასგან იცავს. თურმე, ადამიანი, წელიწადნახევარი დაატარებს მუქარის მესიჯებს, რომელიც არ არსებობს. თუ ამდენი ხანია ვემუქრები და ზეწოლას ვახორციელებ, გამოსულიყო და ერთი ბრიფინგი მაინც მოეწყო. ჟურნალისტია, მარკშაიდერი ხომ არ არის?! პატრიარქზე ორიოდე სიტყვა ვთქვი და მან ჩათვალა, რომ პატრიარქის ზურგს უკან ფულის კეთებას ვაპირებდი. ეს ადამიანები, რომლებიც უარგუმენტო ბრალდებებს გვიყენებენ, ყველაფერს თავიანთი საზომით ზომავენ. დარწმუნებული ვარ, ის მეზღაპრე ქალბატონი ვიცე-სპიკერი რომ იყოს, ორასი ათასსაც აიღებდა, მილიონსაც და მეტსაც. ეს ადამიანები ასე ცხოვრობენ”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ელისაშვილი თავისსავე განცხადებებში გაიბნა.
“ადრე აცხადებდა, რომ მტკიცებულებები ხელის გულზე ედო. ახლა კი, აღმოჩნდა, რომ პროკურატურაში ცარიელი ხელებით მივიდა. მას პოპულისტური განცხადებები სკანდალისთვის სჭირდებოდა, რომ ქულები ჩაეწერა, მაგრამ სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთ-ერთმა ამორალურმა ჟურნალისტმა, გაბედა და ჩემი გვარი ჩემს კოლეგასთან ერთად დაასახელა. თუ ინფორმატორები არსებობენ, კეთილი ინებონ და დაასახელონ, რომ გამოძიებამ დაადგინოს, პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ, აიღო თუ არა ვინმემ ფული. ელისაშვილი, ის მეზღაპრე ქალბატონი და “ნაციონალური მოძრაობა” ერთ ხმაში საუბრობენ. ეს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, თეთრი ძაფით ნაკერი სცენარია”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები