ზვიად ქორიძე: პროკურატურა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე იმედოვნებს, რომ პროკურატურა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და მას პირუთვნელად გამოიძიებს. ამასთანავე ზვიად ქორიძე ეჭვობს, რომ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია “გამოძიებიდან გარეთ ჟონავს“.
როგორც ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას არსად არ უთქვამს, თითქოსდა მანანა კობახიძემ ან ეკა ბესელიამ ფული აიღეს.
“სიცრუეა, თითქოს მე ვინმეს ვუთხარი, რომ ამ კონკრეტულ დეპუტატებს (მანანა კობახიძე, ეკა ბესელია) ფული აქვთ აღებული. რაც შეეხება იმას, თუ რა ვუთხარი მთავარი პროკურატურის გამომძიებელს დაკითხვაზე – ამ ინფორმაციას მაქსიმალურად ვინახავ კონფიდენციალურად და არ ვაწვდი არავის. იმედი მაქვს, რომ ამას ასევე აკეთებს მთავარი პროკურატურა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული პირუთვნელად და მივიდეს ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული მინიშნებები არის და მეც მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ გამოძიებიდან ჟონავს გარეთ ინფორმაცია და ეს ხვდება სხვადასხვა პირთან, მათ შორის მედიაშიც, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ პროკურატურას ეყოფა გონიერება, ამ საქმეს მიიყვანს ბოლომდე და გამოიძიებს პირუთვნელად”, – განაცხადა ქორიძემ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ის ქალთა დაწესებულებაში მართლაც მოინახულა.
“მე ვადასტურებ იმას, რომ ნამდვილად მქონდა შეხვედრა ქალთა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ანასტასია ზაუტაშვილთან, რა დროსაც მე მას განვუმარტე, რომ შეუძლია შემოიტანოს შეწყალების თაობაზე განცხადება, როგორც კი გავა უარის თქმიდან 4,5 თვე… ეს განმარტება მე ნამდვილად მივეცი ქალბატონ ზაუტაშვილს, იმიტომ რომ ნებისმიერმა მსჯავრდებულმა უნდა იცოდეს შესაბამისი დეტალები, თუ მას ამის შესახებ არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია ან ცოდნა”, – აღნიშნა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები