დიმიტრი ქუმსიშვილი ფერმერთა ასოციაციის წევრებს შეხვდა
საქართველოს აგროსექტორში არსებული ვითარება განიხილეს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ტურის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომლის მუშაობაშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობდა.
შეხვედრაზე ფერმერების შეკითხვებს უპასუხეს: სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ეკონომიკური საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ და ეკონომიკური პროფილის სხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა მთავრობის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ვრცელი ინფორმაცია საქართველოს აგროსექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. მათ შორის, საუბარი წარიმართა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის აუქციონის თაობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოში ბაზარი ღიაა, აუქციონი კი ფასის დადგენის მნიშვნელოვანი ინსტუმენტია.
თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ ამ გარემოებით სპეკულანტებმა არ ისარგებლონ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეჭვი ამ მიმართულებით არსებობს და მთავრობა შესაბამის ქმედებებს უკვე ახორციელებს.
„ჩვენ სათანადო ნაბიჯებს კვლავაც გადავდგამთ, რათა აუქციონებით რეალურად იმ ადამიანებმა ისარგებლონ, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ხელშეკრულებასაც გააფორმებენ და ქვეყანაში დოვლათს შექმნიან,“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.