„თბილისის ბიუჯეტის დაფინანსებით მკერდის კიბოს მკურნალობის ახალი პროგრამა ამოქმედდება“

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამების რიცხვი გაიზარდა. როგორც თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა, „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრმა თამარ ცინცაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მომდევნო წლიდან თბილისის ბიუჯეტის დაფინნასებით ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც მკერდის კიბოს მკურნალობას ეხება.
„თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის მიმართ ბევრი შენიშვნა არსებობდა. უკვე რამდენიმე დღეა კორექტირებული ვარიანტი შემოვიდა, რომელშიც შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია. თუმცა წარმოდგენილი ბიუჯეტის ვარიანტი შორსაა იმისაგან, რაც გვინდა ჩვენც და მოქალაქეებსაც, რომ ვიხილოთ და თუ ეს ამ სახით დარჩა, ჩვენი ფრაქცია მას მხარს ვერ დაუჭერს. ბიუჯეტის ახალ ვარიანტში პოზიტიურია ის, რომ ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც მკერდის კიბოს მკურნალობას ეხება. მკურნალობა ჰერცეპტინის მედიკამენტით მოხდება. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მისთვის, ვისაც აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა ესაჭიროება. გარდა ამისა, დაემატა კიდევ ერთი ახალი პროგრამა – ფსიქიკურად დაავადებული პაციენტებისათვის. საბოლოო ჯამში, ჯანდაცვის პროგრამები მნიშვნელოვანწილად გაიზარდა. კარგია ახალ ბიუჯეტში ასევე ის, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეებისთვის 5 მილიონი ლარი ჩაიდო. მითითებულია მისამართი იმ ოთხი კორპუსისა, რომლის მშენებლობაც 2016 წელს უნდა დაიწყოს. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მეტი ყურადღება დათმობოდა ქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას და ამ კუთხით დაფინანსება 2 მილიონით გაიზარდა“, – განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.
ოპოზიცია, ბიუჯეტის დადებით მხარეებთან ერთად, ქალაქის ფინანსური დოკუმენტის ნაკლოვანებებზეც საუბრობს.
„ბევრი შენიშვნა გვქონდა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ამ კუთხით 2015 წელს კატასტროფული სიტუაცია იყო. მრავალსართლიანი ავტოსადგომის მშენებლობა დაგეგმილი იყო, თუმცა არ აშენებულა. ჩვენი შენიშვნა ეხებოდა იმასაც, რომ ეს არ დევს ამ წლის ბიუჯეტში. კიდევ ერთი პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბიუჯეტში ავტობუსების პარკის განახლება არ ასახულა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მხოლოდ მერიის წარმომადგენელთა ზეპირი საუბრებიდან ვიგებთ“, – აღნიშნა ცინცაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები