ლავროვი და კერი მოსკოვში ერთმანეთს ხვდებიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში ერთმანეთს ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების საკითხები. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
„ტერორიზმის პრობლემა მხოლოდ სირიის საზღვრებით არ შემოიფარგლება. „ისლამური სახელმწიფო“ აქტიურია ერაყში, იემენში და ახლა ცდილობს გაძლიერებას ლიბიაში და ავღანეთში. სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელ შეხვედრაზე“, – განაცხადა ლავროვმა.
თავის მხრივ, კერიმ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში სირიის საკითხზე დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
„ჩვენს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ზოგიერთ საკითხში ერთობლივი მუშაობაა შესაძლებელი. რუსეთი ეფექტურად მონაწილეობდა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებაში. ასევე შესაძლებელია სირიის თემაზე შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა ჯონ კერიმ.