დეიმონ ვილსონი: მრავალ დარგში საქართველო ყველა მეზობელს და რეგიონის ყველა ქვეყანას წინ უსწრებს
საქართველოსთვის დიდი პრობლემაა გეოგრაფია – რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, – ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” საუბარში ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი აცხადებს.
როგორც ვილსონი გამოცემასთან საუბარში აცხადებს, ნატოსთან ურთიერთობაში საქართველომ თავი გამოიჩინა, როგორც სანდო პარტნიორმა და მას კარგი მაჩვენებელი აქვს.
“ნატოსთან ურთიერთობაში საქართველომ თავი გამოიჩინა, როგორც სანდო პარტნიორმა, მას კარგი მაჩვენებელი აქვს, ეს განსაკუთრებით ეხება ნატოს ოპერაციებში მონაწილეობას, საქართველო ერთი თავით უსწრებს ნატოს სხვა პარტნიორ ქვეყნებს. საქართველოსთვის დიდი პრობლემაა გეოგრაფია – რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ამავდროულად, ბევრი მოკავშირე ზედმიწევნით აკვირდება საქართველოში რეფორმების გაგრძელებას. ეს დაკვირვება გაგრძელდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ გეოგრაფია მაინც უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა. მთლიანობაში ინტეგრაციას რაც შეეხება, ევროპის კავშირთან ურთიერთობების მშენებლობის პარალელურად, ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება. პირველ რიგში, ეს ქართველებისთვის მათი დემოკრატიული ინსტიტუტების რწმენის ჩამოყალიბებაა, იგივე ეხება საერთაშორისო საზოგადოებას. ეს თემები გამოცდებს გადის, საქართველო ახალგაზრდა ქვეყანაა“,-აცხადებს დეიმონ ვილსონი.
მისივე თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და ამ თემებზე დებატების შესაძლებლობა. “ბევრ დარგში საქართველო თავის ყველა მეზობელს და რეგიონის ყველა ქვეყანას წინ უსწრებს. მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებსაც ყურადღებით დავაკვირდებით და შევისწავლით. ვფიქრობ, ეს სამართლიანია, თუ გინდა ტრანსატლანტიკური საზოგადოების ნაწილი იყო, მაშინ შენ მეტად დაგაკვირდებიან, ვიდრე მას, ვისაც იგივე მისწრაფებები არ აქვს“,- აღნიშნავს დეიმონ ვილსონი.