„გადაიღე საქართველოში!“ – სამთავრობო პროგრამის ახალი მიმართულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი პროექტი „გადაიღე საქართველოში” ის სიახლეა, რომელიც დაემატა სახელმწიფო პროგრამას “აწარმოე საქართველოში”. ახალი საშეღავათო სისტემა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქართული ფილმწარმოების განვითარებას, უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვას და საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველ გადასაღებ ლოკაციად აქცევს.
Cash Rebate – ეს არის ნაღდი ფულის უკან დაბრუნების სისტემა, რომლის თანახმად, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ფილმის წარმოების ხარჯებიდან შესაძლოა გამოიყოს კვალიფიციური ხარჯი. ამ ხარჯის 20% კი ფილმის მწარმოებელ კომპანიას უკან დაუბრუნდება.
კვალიფიციურია ყველა ის ხარჯი, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და იბეგრება სახელმწიფოს მიერ გადასახადებით. მაგ: კინო-აპარატურის დაქირავება, საქართველოს მოქალაქეების დასაქმება, მგზავრობა-სასტუმროს ხარჯები ქვეყნის შიგნით და ა.შ. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კინოპროექტებს.
კვალიფიციური ხარჯისმინიმალური ზღვარია: 500 000 ლარი – მხატვრული ფილმი, სატელევიზიო ფილმი, ტელესერიალი/მინისერიალი, ანიმაცია 300 000 ლარი – დოკუმენტური ფილმი, სარეკლამო ვიდეო პროდუქცია, რელითი შოუ, მუსიკალური კლიპი. ასევე არსებობს პოპულარიზაციის კომპონენტისთვის განკუთვნილი დამატებით მთლიანი კვალიფიციური ხარჯის 2-5 %-იანი ანაზღაურება, რომელიც გულისხმობს პროცესის შემდეგ განვითარებას:
პირველი ეტაპი – თუ ფილმის გადაღება მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე, გაიწია კვალიფიციური ხარჯი და დაიბეგრა საქართველოს სახელმწიფოს მიერ – მაშინ ფილმის მწარმოებელ კომპანიას ავტომატურად უბრუნდება კვალიფიციური ხარჯის 20 %. მეორე ეტაპი – როდესაც ფილმი უკვე დასრულებულია და გამოდის კინოთეატრებში, ხდება მისი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეფასება.
მაგ: წარმოჩენილია თუ არა საქართველო პოზიტიურად, მოხდა თუ არა საქართველოს ცნობილი ლოკაციების გამოყენება, რამდენ ქვეყანის კინოთეატრში აჩვენეს ფილმი და ა.შ. თუ ფილმი აკმაყოფილებს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 წინასწარ დადგენილ კრიტერიუმს, ხდება დამატებით მთლიანი კვალიფიციური ხარჯის 2-5 %-ის ანაზღაურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები