“თუ ბავშვმა შეჭამა, ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს საშიში” – რას აცხადებენ ბურბუშელას მწარმოებელ კომპანიაში

სიმინდის ბურბუშელას მწარმოებელი კომპანიის დირექტორი დავით მჭედლიშვილი “მინსტერის” ბურბუშელაში ე.წ. ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობას უარყოფს და განმარტავს, რომ პროდუქტში საახალწლო ტკაცუნა იდო, რომელიც ცეცხლის მოკიდებასაც არ საჭიროებს.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას მჭედლიშვილმა განმარტა, საახალწლო საჩუქრის მიზნით, პროდუქტში მოთავსებული ტკაცუნა, მიწაზე დაგდების შედეგად, უბრალოდ, ტკაცუნის ხმას გამოსცემს, თუმცა რა ნივთიერებაა მასში მოთავსებული, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „საახალწლო განწყობისთვის ბურბუშელაში სხვადასხვა დასახელების სათამაშოები ჩავდეთ. ეს არის მცირე ზომის ტკაცუნა, რომელიც მიწაზე დაგდების შედეგად ტკაცუნის ხმას გამოსცემს და ცეცხლი არ სჭირდება. უსაფრთხოდ მივიჩნიეთ, რადგან ბავშვები ხშირად ყიდულობენ ამას და ერთობიან. აფეთქების თვალსაზრრისით საშიში არ არის, მაგრამ თუ შეჭამა, მასე ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს საშიში. ეს მხოლოდ ერთჯერადად მოხდა. ამის გარდა ბურბუშელაში 20 დასახელების საჩუქარია. კალმისტრები, სამაჯურები, თმის სამაგრები, მანქანები და ა.შ“, -აცხადებს დავით მჭედლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან შესულ შეტყობინებას სწავლობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მათ მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ შეძენილ იქნა ბურბუშელა “მინსტერი” საჩუქრით, რომელშიც საახალწლო საჩუქრის სახით პიროტექნიკა იყო მოთავსებული, რომელიც მცირეწლოვანმა ბურბუშელასთან ერთად შეჭამა.
როგორც „კვირას“ იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, მცირეწლოვანმა ბურბუშელაში მოტავსებული ე.წ ტკაცუნის პირში ჩადება მოასწრო, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. პატარას ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და სახლში გაეწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები