ეროვნული ბიბლიოთეკის მოწვევით, თბილისში კომპანია CINECA-ს სპეციალისტები იმყოფებიან

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მოწვევით, თბილისში იტალიური კომპანია CINECA-ს სპეციალისტები იმყოფებიან.
ისინი მეცნიერთა საინფორმაციო პორტალის სისტემის შემქმნელები არიან, რომელიც მეცნიერთა რეესტრს, მათ „პროფილებს“ უნივერსიტეტების და ინსტიტუტების სიებს, პროექტებს, გრანტებს და სამეცნიერო შრომების ელექტრონულ არქივს მოიცავს.
სამეცნიერო ბიბლიოთეკის სერვერზე ეს სისტემა უკვე დაინსტალირებულია და ნიმუშისათვის დაწყებულია ქართველი მეცნიერების მონაცემების შეყვანა. სისტემაში ქართველ მეცნიერთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი, რაც ხელს შეუწყობს მათი ხილვადობის გაზრდას უცხოელი პარტნიორებისათვის.
დღეს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის ინფორმატიკის განყოფილების თანამშრომლებმა იტალიელ სპეციალისტებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. იმუშავეს პროგრამის კონფიგურაციებზე, დეტალურად განიხილეს სისტემის მუშაობის ნიუანსები და შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთობაზეც.
ხვალ, 12 საათზე კი იტალიელი სპეციალისტები მეცნიერების ქართული ბაზის შექმნაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელთან, სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორთან ირაკლი ღარიბაშვითან ერთად განათლების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდებიან.
Cineca იტალიური კონსორციუმია. მისი ფუნქციაა კვლევითი საქმიანობისა და სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერა სუპერ-კომპიუტერებისა და კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით. დღეს Cineca მაღალი ტექნოლოგიების ხიდია იტალიის აკადემიურ საზოგადოებას, მკვლევართა, მსოფლიოს სამრეწველო და საჯარო ორგანიზაციებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები