ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მოწვევით, თბილისში იტალიური კომპანია CINECA-ს სპეციალისტები ჩამოვიდნენ

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მოწვევით, 14-15 დეკემბერს, თბილისში იტალიური კომპანია CINECA-ს სპეციალისტები ჩამოვიდნენ.

ისინი მეცნიერთა საინფორმაციო პორტალის სისტემის შემქმნელები არიან, რომელიც მოიცავს მეცნიერთა რეესტრს, მათ „პროფილებს“ უნივერსიტეტების და ინსტიტუტების სიებს, პროექტებს, გრანტებს, სამეცნიერო შრომების ელექტრონულ რეპოზიტარიუმს (არქივს) და სხვა. სამეცნიერო ბიბლიოთეკის სერვერზე ეს სისტემა უკვე დაინსტალირებულია და ნიმუშისათვის დაწყებულია ქართველი მეცნიერების მონაცემების შეყვანა. სისტემაში ქართველ მეცნიერთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი, რაც ხელს შეუწყობს მათი ხილვადობის გაზრდას უცხოელი პარტნიორებისათვის. იტალიელი სპეციალისტების მასპინძლობის მიზანია, დაზუსტდეს მათთან აღნიშნული სისტემის განვითარებისა და მართვის ზოგიერთი დეტალი.

ასევე შეთანხმებულ იქნას ამ პროგრამის საქართველოში სრულფასოვნად ასამოქმედებლად თანამშრომლობის დეტალები. 2016 წელს იგეგმება, რომ სისტემას ანტიპლაგიატის დეტექტირების პროგრამაც გადაებას. დაგეგმილია იტალიელი სპეციალისტების საქმიანი შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან გიორგი შარვაშიძესთან და სამინისტროს თანამშრომლებთან. ამ თანამშრომლობით იტალიის საელჩოც დაინტერესდა. შესაბამისად, მათი წარმომადგენელიც გეგმავს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. Cineca იტალიური კონსორციუმია. მას ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭო, რომელიც შედგება წევრი უნივერსიტეტების რექტორებისა ან მათი მოადგილეების, ეროვნული კვლევითი საბჭოსა (CNR ) და განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს (MIUR) წარმომადგენლებისაგან. Cineca -ს თავმჯდომარეა პროფესორი Emilio Ferrari. Cineca-ს ფუნქციაა კვლევითი საქმიანობისა და სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერა სუპერ-კომპიუტერებისა და კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით. დღეს Cineca მაღალი ტექნოლოგიების ხიდია იტალიის აკადემიურ საზოგადოებას, მკვლევართა, მსოფლიოს სამრეწველო და საჯარო ორგანიზაციებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები