„ჩემი ცოლის დაქალებს“ არასამთავრობო ორგანიზაცია დაუპირისპირდა – „შემაშფოთებელია კადრები”…

სერიალ 12 დეკემბრის სერიას, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვთა სახლში არსებული სიტუაცია და დამოკიდებულება, არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ბავშვი და ოჯახი“ ეხმაურება და აცხადებს, რომ სერიალში გასული კადრები დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შემაშფოთებელია კადრები, სადაც ბავშვებს, როგორც ნივთებს, ისე ექცევიან. გამოყენებულია დასჯის ადრეული საუკუნეების მეთოდები.
„გვინდა განმარტების სახით გაუწყოთ, რომ საქართველომ განახორციელა ბავშვზე ზრუნვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 2011 წელს დაიხურა დიდი ზომის ინსტიტუციები ე.წ. ბავშვთა სახლები და გაიხსნა მცირე საოჯახო ტიპის სახლები. აღნიშნულ სახლში ცხოვრობს 8-10 ბავშვი და მათთან მუშაობა ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომის მეთოდის გამოყენებით. სერიალში გასული კადრები არ შეესაბამება დღევანდელ არსებულ რეალობას. შემაშფოთებელია კადრები, სადაც ბავშვებს, როგორც ნივთებს, ისე ექცევიან. გამოყენებულია დასჯის ადრეული საუკუნეების მეთოდები. უამრავი ადგილობრივი სპეციალისტი და საერთაშორისო გამოცდილების ექსპერტი იყო ჩართული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში, უამრავი ენერგია იხარჯება იმისათვის, რომ ბავშვები, რომლებიც არიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, იმყოფებოდნენ არაძალადობრივ და ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. სერიალში გასული სიუჟეტი ასევე ახდენს ამ დროისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დისკრიმინაციას და საზოგადოებას უმძაფრებს განცდას, თითქოს ისინი არიან ასოციალური ქცევის მატარებელი ბავშვები.
დღეისათვის ყველა ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად, თითოეული აღმზრდელი გადის გადამზადების კურსს, რომლის ფარგლებში ეცნობიან და იღრმავებენ ცოდნას ბავშვის პოზიტიური აღზრდის მეთოდების, ხერხებისა და მიდგომების შესახებ. მიღებულ ცოდნას კი იყენებენ ბავშვებთან მუშაობაში და ურთიერთობებში. ჩვენი ასოციაციის სპეციალისტები ჩართულნი არიან როგორც რეფორმის განხორციელების, ასევე შემდგომ მიმდინარე პროცესებშიც. დიდი ზომის ინსტიტუციები ისტორიას ჩაბარდა, დაუშვებელია სპეკულირება თემით, რომელიც ეხება ბავშვებს და უფრო მეტად მაშინ, როცა ისინი საჭიროებენ დამატებით ზრუნვას. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს, პატივი სცენ ბავშვთა უფლებებს, არ მოახდინონ ბავშვების და კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების მარგინალიზაცია, რათა ბავშვებს მივცეთ საშუალება, იყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და საზოგადოებაში არ გავზარდოთ მათდამი სტიგმა“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩემი ცოლის დაქალების“ შაბათის სერიაში, სერიალის პატარა პერსონაჟები, ტასო და ჯეკო, ძიძამ ერთ-ერთ ბავშვთა სახლში წაიყვანა, რათა მათთვის ეჩვენებინა, როგორ ცხოვრობენ ბავშვები, რომლებიც მშობლების მზრუნველობასა და სითბოს არიან მოკლებულნი. ტასო ერთ-ერთ თავის თანატოლს მობილურს აჩუქებს, შემდეგ კი სახლში იტყვის, რომ ტელეფონი დაკარგა, ძიძა და მშობლები რეკავენ ბავშვთა სახლის დირექტორთან, რომელიც გამოტეხს ბავშვს, რომ მობილური არ აქვს და შემდეგ, მისი მოპარვისთვის დასასჯელად წაიყვანს. არადა, პატარა ამტკიცებს, რომ სტუმარმა მას ტელეფონი საკუთარი ნებით აჩუქა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები