“მიმდინარეობს ელისაშვილის დაკითხვა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა გამოძიების პროცესში“

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა გამოძიების პროცესში.
როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.
“მიმდინარეობს ალეკო ელისაშვილის დაკითხვა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა გამოძიების პროცესში. ასევე დაგიდასტურებთ, რომ გამოძიების მიერ დაკითხულები არიან დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. ასევე, დაკითხულია ოცამდე მოწმე. თუმცა, ჯერ კიდევ არის რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ამოწურვისას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის შემდეგ შესაბამის ინფორმაციას ამომწურავად მივაწვდით საზოგადოებას”, – აღნიშნა შოთაძემ.
ალეკო ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შეწყალების საკითხთან დაკავშირებით შეხვდა გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს გიორგი გოგაძეს, მთავარი პროკურორი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრის შესახებ მან ტელევიზიიდან შეიტყო. “კონკრეტულად მე მოვისმინე ჩემი დღევანდელი მოადგილის, გიორგი გოგაძის პოზიცია. ასევე, მე ვიცი ჩვენი პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნათია სუხიაშვილის პოზიცია, რომლის შუამავლობით დაიგეგმა და მოხდა ეს შეხვედრა”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მთავარმა პროკურორმა ისიც აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნათია სუხიაშვილი, გიორგი ბადაშვილი, გიორგი გოგაძე, რაიონული პროკურორი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საუბარი შეეხებოდა სხვა სისხლის სამართლის საქმეს და საუბარი არ ყოფილა შეწყალების კომისიის საქმიანობაზე.
როგორც შოთაძე ამბობს, ამ ადამიანების განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ელისაშვილის ჩვენებასთან. “ფაქტია, ელისაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა, ამ ხნის განმავლობაში პროკურატურისთვის წერილობით მოემართა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფაქტებზე მას წერილობით მომართული აქვს პროკურატურისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით მას ჩვენთვის არ მოუმართავს”, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები