ლია ბარნაბიშვილის საიუბილეო პერსონალური გამოფენა გაიხსნა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მხატვარ ლია ბარნაბიშვილის საიუბილეო პერსონალური გამოფენა გაიმართა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ლია ბარნაბიშვილის შემოქმედება განსხვავდება ტრადიციული მხატვრობისგან, ვინაიდან ის ფერწერული კომპოზიციების შესაქმნელად იყენებს ბუმბულს და სწორედ მათგან ქმნის სასურველ ფერებსა და სიუჟეტებს.
„ლია ბარნაბიშვილის შემოქმედება თვითმყოფადია. ამიტომაც, მისი უნიკალური მეთოდის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის მიზნით, 2016 წლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მხატვარ ლია ბარნაბიშვილის სასწავლო კურსი გაიხსნება, სადაც ის ახალგაზრდებს თავის ხელოვნებას შეასწავლის. ამით ჩვენს მომავალ თაობას ახალი მიმდინარეობის შესწავლისა და დაუფლების საშუალებას მივცემთ. მეორე მხრივ, ჩვენი მიზანი განსხვავებული მიმდინარეობის სკოლის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, რითაც რეგიონში დაინტერესებული პირების მიზიდვა გახდება შესაძლებელი“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, გამოფენას მწერლები, პოეტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, ლია ბარნაბიშვილის ნამუშევრების გამოფენა 2 დღის განმავლობაში, 14 და 15 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები