მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე, საბჭოს წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონი”, რომელშიც საგადასახადო და სოციალური შეღავათებია განსაზღვრული, ძალაში 2016 წლის 1-ელ იანვარს შევა.
“დღეს მთის განვითარების საბჭო განიხილავს კონკრეტულად იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უნდა დასახელდეს, თუ რომელი დასახლებული პუნქტები შევა მაღალმთიან რეგიონებში. ასევე მთის საბჭო განიხილავს იმ სფეროებს, სადაც უნდა გავრცელდეს საგადასახადო შეღავათები”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონი დაახლოებით 1300-მდე ქალაქზე, დაბასა და სოფელზე გავრცელდება. ქუცნაშვილის თქმითვე, კანონით დადგენილია სოციალური შეღავათები, ასევე ექიმებისა და პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდა. გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს პენსიები 216 ლარამდე გაეზრდებათ. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლებისთვის შემოღებული იქნება ასევე ელექტროენერგიის შეღავათი და გათბობის სპეციალური პროგრამა. “ოპოზიცია დაგვჩხაოდა და ითხოვდა, რომ 50 ლარით გაგვეზარდა პენსია, თუმცა მომავალ წელს, მაღალმთიან რეგიონები, ჯამურად ის 56 ლარით გაიზრდება და 216 ლარს შეადგენს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები