თეიმურაზ მურღულია პლასტიკური ბოთლების მომხმარებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოში პლასტიკური ბოთლების მომხმარებელი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ მათ ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული – „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“ გააცნო. საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“- განსაზღვრავს „მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას”. ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებელი, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება, და ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი, ვალდებულია პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება უზრუნველყოს.
აღნიშნული მიდგომა ქვეყნისთვის სიახლეს წარმოადგენს და დაგეგმილია მისი ეტაპობრივი დანერგვა, რომელიც ძალაში შევა 2019 წლიდან. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედების პროცესის გამარტივების მიზნით, სამინისტრო იწყებს საპილოტე პროგრამას, ნარჩენი პლასტიკური ბოთლების მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისთვის.