ოპერისა და ბალეტის თეატრში სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი განთავსდა

ოპერისა და ბალეტის თეატრში სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი განთავსდა. სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით აღდგენილი ასლი ოპერის სცენის ძირითადი ფარდის უკან დაკიდეს.
“მას შემდეგ, რაც გადაწყდა სერგო ქობულაძის ცნობილი ფარდის აღდგენა, მიხეილ გიორგაძემ, კონსულტაციის მიზნით, მხატვრის მოსწავლეები და მასთან დაახლოებული პირები (თემო გოცაძე, რადიშ თორდია (მოსწავლეები), თაზო ხუციშვილი, მურაზ მურვანიძე) მოიწვია. მხატვრები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ სერგო ქობულაძის ტექნოლოგიით ამ ფარდას ვერავინ დახატავდა, ამიტომ გადაწყდა, ფარდა მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით დაბეჭდილიყო – გერმანიის ქალაქ პოტსდამში კომპანია Gerriets-ის მიერ.
“გაციფრულებაზე” სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მედიახელოვნების მიმართულებით ნანა იაშვილი მუშაობდა. სერგო ქობულაძის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით გადიდებული ფარდის ასლი, მხატვრის ერთ-ერთი ასისტენტის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი. აღნიშნული ესკიზი კულტურის სამინისტრომ შეისყიდა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. პირველი ფარდის ესკიზიც (რომელიც სრულად დაიწვა) ასევე დაცულია “ხელოვნების სასახლეში”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, სამხატვრო აკადემიის პროფესორი ნანა იაშვილი და სერგო ქობულაძის მოსწავლეები – თემო გოცაძე და რადიშ თორდია ესწრებოდნენ. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით გადიდებული ფარდის ასლი გერმანიიდან საქართველოში 11 დეკემბერს ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები