ვეტერან ფეხბურთელებსა და პოლიტიკოსებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, გამოჩენილმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა მანუჩარ მაჩაიძემ და მურთაზ შელიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ მარათონში მიიღეს მონაწილეობა.
ამხანაგური მატჩი, რომელიც ვეტრან ფეხბურთელებსა და პოლიტიკოსებს შორის გაიმართა დინამო არენაზე ჩატარდა. მარათონს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე, საკრებულოს დეპუტატები დავით უთმელიძე და რატი იონათამიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, საქართველოს სახვადასხვა სამინისტროებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს დეპუტატებმა ქართველ გულშემატკივრებს დამოუკიდებელი ფეხბურთის იუბილე მიულოცეს და აღნიშნეს, რომ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო ყოველთვის მიესალმება ანალოგიური ტიპის ღონისძიებებს. ,,ყველა ფეხბურთელს და მის გულშემატკივარს ვულოცავ დღევანდელ დღეს. მეამაყება, რომ საკრებულოს წევრებს შორის ბევრი გამოჩენილი სპორტსმენია წარმოდგენილი“, – განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის მარათონები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი ცხოვრების წესს. მანუჩარ მაჩაიძემ 1990 წელი გაიხსენა და მის თანაგუნდელებს გმირები უწოდა. ,,როდესაც ქართველებმა დამოუკიდებელი ფეხბურთის თამაში გადავწყვითეთ, მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირი. ჩვენ ძალიან დიდი რისკის წინაშე ვიდექით, თუმცა სამშობლოს თავისუფლებისთვის უკან არ დაგვიხევია. ვამაყობ, რომ მეც ვარ ამ ისტორიული ფაქტის მონაწილე“,- განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ. საფეხბურთო კვირეული 10 დეკემბერს დაიწყო და მასში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელიც საბჭოთა კავშირს გამოეყო და 1990 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები