ძიაო ჰუი სინი: დღეს შემოსულმა მატარებელმა ერთმანეთს ჩინეთი, შუა აზიის, კავკასიის და ევროპის ქვეყნები დააკავშირა

მინდა ჩინეთის საელჩოს სახელით საქართველოს მადლობა გადავუხადო ამ პროექტის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის – ამის შესახებ ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ძიაო ჰუი სინიმ ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის საქართველოში შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
“პირველ რიგში, მინდა გულითადად მოგილოცოთ, რომ ჩინეთიდან შუა აზიის, კასპიის ზღვის რეგიონის და კავკასიის გავლით ევროპის მიმართულებით წარმატებით ჩამოვიდა სატვირთო მატარებელი. ეს ორი წლის წინ ჩინეთის პრეზიდენტის მიერ წამოყენებული ინიციატივის შედეგად მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი რეზულტატია. მინდა ჩინეთის საელჩოს სახელით საქართველოს მადლობა გადავუხადო ამ პროექტის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო მატარებლის დღეს შემოსვლის მნიშვნელობა – მან დააკავშირა ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები, კავკასიის და ევროპის ქვეყნები ერთმანეთს. ეს მომავალში მოგვცემს ბევრ შესაძლებლობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთობები”, – განაცხადა ძიაო ჰუი სინიმ.
მისივე შეფასებით, საქართველოს გავლით ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი გზა უმოკლესი და ყველაზე იაფია, რომელიც ძველ აბრეშუმის გზაზე გადის.
“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პერიოდი ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარების ისტორიაში ყველაზე საუკეთესოა. ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს უპირატესი გეოგრაფიული მდებარეობა. საქართველოს გავლით ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი გზა არის უმოკლესი და ყველაზე იაფი, რომელიც ძველ აბრეშუმის გზაზე გადის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებით არსებული მიმოსვლის შედეგები”, – აღნიშნა ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები