სასჯელაღსრულების მინისტრის ინიციატივით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭომ პირველი სხდომა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზნებზე, ამოცანებსა და საბჭოს მუშაობის პრინციპებზე ისაუბრეს. კახა კახიშვილმა საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „ერთი წლის წინ ჩვენ ჩავატარეთ რეფორმა და კანონში ჩავწერეთ, რომ მინისტრს უნდა ჰყავდეს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უნდა შედგებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ექსპერტებისგან და იმ ადამიანებისგან, ვისაც ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. საკონსულტაციო საბჭოში შემავალ წევრებს საშუალება ექნებათ სისტემის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ, ჩვენ საბჭოს წევრებთან ერთად ვიმუშავებთ ერთობლივი პოლიტიკის შემუშავებაზე, სისტემის განვითარებაზე და არსებულ პრობლემებს საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ერთობლივად განვიხილავთ“, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
საბჭოს მთავარი ამოცანაა სამინისტროს განვითარების პოლიტიკის შემუშავება, ასევე, სტრატეგიის შექმნა და კონკრეტული რეკომენდაციების განხილვა. საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ შეიკრიბება, თუმცა წევრების სურვილის შემთხვევაში, რიგგარეშე შეხვედრებიც დაიგეგმება. შეხვედრაზე საბჭოს მუშაობის სპეციფიკასა და პრინციპებზე საკუთარი მოსაზრებები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებმაც დააფიქსირეს. მათ განსაკუთრებით მსჯავრდებულების დასაქმების საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.
„მინისტრის მხრიდან ძალიან საინტერესო იდეა იყო ინიცირებული მსჯავრდებულების დასაქმებასა და საწარმოების გახსნასთან დაკავშირებით. ეს ძალიან კარგ შედეგს მოუტანს სისტემას. აღნიშნულ თემებზე ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან ერთად ვმუშაობდი და რამდენიმე პროექტიც მქონდა. ბუნებრივია, ჩემი რეკომენდაციით აუცილებლად მივმართავ საკონსულტაციო საბჭოს“, – განაცხადა საბჭოს წევრმა, ექსპერტმა ჯონდი გოგსაძემ. შეხვედრის ბოლოს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. გამოიკვეთა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უახლოეს პერიოდში საბჭოს წერილობით წარედგინება. პირველი შეხვედრის ფარგლებში საბჭოს წევრებს სასჯელაღსრულების უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში“ და „პატიმრობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებიც გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილებების პროექტის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში პრობაციონერისთვის დაწესებული გადასახადი უქმდება, რომელიც მანამდე 20-დან 50 ლარამდე თანხას შეადგენდა. გარდა ამისა, ფართოვდება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთან ხანმოკლე პაემანზე შეხვედრის უფლების მქონე პირთა წრე. „პატირმობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით კი, მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში დამზადებული ნაკეთობების რეალიზება მოხდება, თანხა კი, საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ. ამასთან, სხვადასხვა ხელობის მცოდნე მსჯავრდებულები დაწესებულებებში მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმდებიან და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. შეხვედრაზე მე-6 დაწესებულების გახსნასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საბჭოს წევრებს გახსნამდე დაწესებულების დათვალიერება, სახალხო დამცველის აპარატს კი, მე-6 დაწესებულებაში პირველი ოცი მსჯავრდებულის შესახლების პროცესის მონიტორინგი შესთავაზა. საკონსულტაციო საბჭო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სათათბირო ორგანოა და იგი სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები