ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს მეგობართა ჯგუფი (Georgia Caucus) აშშ-ს კონგრესში და ტედ პო, მეგობართა ჯგუფის თანათავჯდომარე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმართვა, რომელიც კონგრესმენმა პომ გააკეთა, წარმომადგენლობით პალატაში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი აშშ-ის კონგრესში კონგრესმენ ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის თანათავჯდომარეობით მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაფუძნდა, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტისას შეერთებულ შტატებში.
ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ, თავის გამოსვლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების კუთხით საქართველოს მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით გამოირჩევა, საქართველო დემოკრატიის იმედის შუქურად და დემოკრატიული იდეოლოგიისა და თავისუფლების გამავრცელებლად რჩება. ტედ პომ ასევე ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერების აუცილებლობაზე და კონგრესს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება მოსთხოვა. მისი თქმით, საქართველოს ყველა მონაცემი გააჩნია აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად.
„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-სთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამასთან, საქართველომ შეძლო დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების გაძლიერება“, – აღნიშნა პომ.
კონგრესმენ ტედ პოს განცხადებით, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი საქართველოსთან კავშირების განსამტკიცებლად არის ის, რომ რეგიონში გაძლიერებული რუსული აგრესიის ფონზე, ქვეყანას დახმარება ესაჭიროება. მან აღნიშნა, რომ 2008 წელს იმყოფებოდა საქართველოში და ნახა რუსული ტანკები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიის 25%-ზე მეტის ოკუპაცია მოახდინეს და რომ, დროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად თავისი მხარდაჭერის სრულად მობილიზება მოახდინოს, მით უფრო, იმ ფონზე, რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა მტკიცე მზაობა თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური მშვიდობის დამყარების საქმეში. ამერიკელმა კონგრესმენის თქმით, აღნიშნა, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია მხარი დაუჭიროს მის მოკავშირეს, ამასთან, აშშ ვალდებულია, ხელი შეუწყოს ჯანსაღი და ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოსთან. ცნობისთვის, კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს 2015 წლის 10 დეკემბერს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები