თბილისის მერია პროექტს – “ახალი მზიური” მხარს უჭერს

თბილისის მერია მხარს უჭერს პროექტს – „ახალი მზიური”, რომელიც ორგანიზაცია „მზიანის” ინიციატივით დაიწყო. სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ „მზიურში“ მდებარე ამფითეატრი და კაფეს შენობა ორგანიზაცია „მზიანს” სარგებლობის უფლებით გადასცა. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემ „მზიურის“ პარკში „მზიანის“ დამფუძნებელს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს სარგებლობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა გადასცეს.
მერიის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის მერია კაფეს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასაც უზრუნველყოფს. პროექტი „ახალი მზიური“ ითვალისწინებს „მზიურის“ ტერიტორიაზე სოციალური კაფის და ამფითეატრის ამოქმედებას.
პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოეწყობა პანდუსები და მოაჯირები. უსინათლოთათვის გაკეთდება სანიშნეები, მენიუსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არ მქონე პირთათვის გაკეთდება სპეციალური ნიშნები. რაც შეეხება ამფითეატრს, იგი საერთო სარგებლობის ობიექტად დარჩება და ორგანიზაცია „მზიანს“ ეძლევა უფლება, ინვესტორის დახმარებით, ჩაატაროს მასზე სარემონტო სამუშაოები.
გარემონტებულ ამფითეატრში მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები. სეზონის მიხედვით გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები.
პროექტის ფარგლებში „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მისი ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
„ახალი მზიურის” იდეა „მზის ფესტივალის” დამაარსებელსა და ორგანიზატორს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის, სწორედ მან მიმართა მერიას განცხადებით და „მზიურში“ არსებული კაფესა და ამფითეატრის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა ითხოვა. თბილისის მერიამ ვერეს ხეობისა და პარკ „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ტერიტორიაზე ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. გასული საუკუნის 1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“. სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. პარკი 1982 წელს გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები