ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და სისტემა შეცვალა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“ გახსნა. როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ახალი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ გასულ წელს, უპრეცედენტო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა.
„დღევანდელი კონფერენცია მიეძღვნება ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. ჩვენ შევარჩიერთ სახელწოდება ამ კონფერენციის „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა“. სახელწოდება ჩვენი შეკრების მიზანს მიანიშნებს, რომ წარმოვაჩინოთ ის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც დაინერგა რეგიონებში. მინდა შევაფასო, თუ რა გვქონდა ჩვენ მანამ, სანამ თვითმმართველობის რეფომას განვახორციელებდით, ცენტრალიზებული სისტემა იყო საქართველო, სულ რაღაც 2-3 წლის წინ. ჩვენ ვართ ის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და ეს სისტემა შეცვალა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არსებული ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ იყო ეფექტური, შეგვეცვალა და წავსულიყავით დეცენტრალიზაციის გზით. ამის შედეგია, რომ გასულ წელს, ჩავატარეთ უპრეცედენტო ადგილობრივი არჩევნები და პირდაპირი არჩევის გზით 59 გამგებელი და 12 მერი ავირჩიეთ. ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმა დავსახეთ, მოგეხსენებათ, რომ ბარიერი, რომელიც დავაწესეთ, იყო, მართლაც, უპრეცედენტო – 50%, რომელიც კანდიდატს უნდა გადაელახა, იმისათვის, რომ ყოფილიყო მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული მერი თუ გამგებელი. ვიზიარებ იმ სიხარულს და სიამაყეს, რომელიც ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მიიღო. დავიწყეთ რეალური თვითმმართველობის ცხოვრების წესის დანერგვა, სხვაგვარად ვერ წარმოგვიდგენია, თუ როგორ უნდა ავაშენოთ ნამდვილი დემოკრატია, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ რეგიონები, მივცეთ ადგილზე რეალური ძალაუფლება გამგებლებს, მერებს, საკრებულოებს და სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ახალი პოლიტიკური ცხოვრება შევთავაზეთ რეგიონის მაცხოვრებლებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, თვითმმართველობებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, განახორციელონ ის პროექტი, რომელიც თავად მიაჩნიათ სწორად საკუთარი მოსახლეობისთვის.
„დღეს ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ყველა შესაძლებლობა, რომ ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, განახორციელონ ის პროექტი, რომელიც თავად მიაჩნიათ სწორად საკუთარი მოსახლეობისთვის. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მიიღეს საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც დღეს ჩვენ გაგვიზიარებენ და მეც ვიქნები მოხარული, ვიხილო ეს საუკეთესო პრაქტიკა. ეს გახლავთ განსხვავებული ორიგინალური მიდგომები თითქმის ყველა სფეროში. სპეციალურმა კომისიამ შეარჩია 10 საუკეთესო მაგალითი, რომელსაც თავად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები გაგვაცნობენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები