დავით ებრალიძე: საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია.
როგორც ებრალიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, აღნიშნა თავდაცვის უწყებამ, რა თქმა უნდა, დააფიქსირა საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, თუმცა თუ სად და როგორ, არა.
“ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ვერტმფრენზე და უპილოტო თვითმფრინავების ფრენასთან დაკავშირებით, არ იყო თავდაცვის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტრომ უბრალოდ დაადასტურა ამ ორი ფაქტის არსებობა, მაგრამ ის მონაცემები თავდაცვის სამინიტროსგან არ გავრცელებულა. ჩვენ ამ მონაცემებს არ ვავრცელებთ, თუ სად, როგორ, რანაირად დააფიქსირეს თავდაცვის სამინისტროს საშუალებებმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დავაფიქსირეთ, მაგრამ იმას, თუ სად და როგორ დავაფიქსირეთ, არ განვაცხადებთ”, – განაცახდა ებრალიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 დეკემბერს დაახლოებით 18:48 საათზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის რაიონის სოფლებში კოშკასა და გუგუტიანთკარში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგუშაგოებს. გარდა ამისა, 10 დეკემბერს, დაახლოებით 12:48 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ტერიტორიაზე განლაგებულ შსს პოლიციის შენობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები