გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს კავკასიური ნაგაზი აჩუქა

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო-თურქმენეთის გააქტიურებული პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერის საკითხი დაადასტურეს და გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის გააქტიურებულმა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა ასახვა ჰპოვა ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც, მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, ტურისტების რაოდენობა, ინვესტიციები. 2015 წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველო- თურქმენეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 63 პროცენტითაა გაზრდილი. საქართველოს პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს „აღმოსავლეთ – დასავლეთის“ გაზსადენის პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის, ამ გაზსადენის ამუშავება ევროპაში თურქმენული გაზის შემდგომი ტრანსპორტირების წინაპირობას ქმნის. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო წარმოადგენს ე.წ. „სამხრეთის გაზის დერეფნის“ აქტიურ მონაწილე მხარეს, რომლის სრულმასშტაბიანი ამოქმედებისათვის თურქმენეთის ნახშირწყალბადების რესურსს დიდი მნიშვნელობა აქვს.
აქედან გამომდინარე, საქართველო სრულად უჭერს მხარს მიმდინარე წლის მაისში მიღებულ „აშხაბადის დეკლარაციას“ და მიესალმება ტრანს-კასპიური მილსადენის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის ინიციატივით სამუშაო ჯგუფის შექმნას. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აბრეშუმის“ გზა“ თურქმენეთსა და საქართველოს შორის უფრო ფართო სატრანსპორტო თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, პროექტის «Lapis Lazuli» მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ავღანური მხარის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო, სატრანზიტო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს. გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს საჩუქრად კავკასიური ნაგაზი გადასცა. საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს – მათ შორის თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნიკოლაე ტიმოფტისთან და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან. 12 დეკემბერს კი საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

12355061_428109424061913_1733711027_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები