დავით ონოფრიშვილი: 20 ლარით გაზრდილი პენსია პრაქტიკულად ორი წლის ინფლაციის კომპენსირებაა

20 ლარით გაზრდილი პენსია რეალურად ორი წლის ინფლაციის კომპენსირებას წარმოადგენს, – ამის შესახებ ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა დავით ონოფრიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ლარის გაუფასურებას, სავალუტო კრიზისს ვერანაირად წინ ვერ აღუდგა.
“პენსია შუა წლიდან იზრდება და ისიც 20 ლარით. ეს 20 ლარი პრაქტიკულად არის ორი წლის ინფლაციის კომპენსირება – სხვანაირად რომ ვთქვათ, ინდექსირება. ხელისუფლება ლარის გაუფასურებას, სავალუტო კრიზისს ვერანაირად წინ ვერ აღუდგა. შეიძლება ეს ადვილი ამოცანა არ იყო, მაგრამ წლის დასაწყისში, როცა ეს პროცესი დაიწყო, გვახსოვს, მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ ვერ რეაგირებდა და არც კი ცნობდა, რომ სავალუტო კრიზისი ქვეყანაში სერიოზულად იყო დაწყებული. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლარმა ორ დოლარს გადააჭარბა, მაშინ დაიწყო ფაცი-ფუცი – “იქნება რაიმე გავაკეთოთ”.
“თავისუფალი დემოკრატების” და სხვა ოპოზიციური ძალების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დადებულიყო კონკრეტული ღონისძიებების პროგრამა, ეს არ მოხდა. ვერანაირი პროგრამა და მონახაზი ვერ ვიხილეთ, გარდა იმისა, რომ დაიწყო გადაბრალება, თუ ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი – ეროვნული ბანკის თუ მთავრობის. ეს ყველაფერი ქვეყანას ცუდად მოუტრიალდა, რადგან გაუფასურება დაახლოებით 35%-ს შეადგენს”, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
“თავისუფალი დემოკრატები” 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები