„ებოლას ვირუსით 20 000 ადამიანი დაავადდა, აქედან 7 500 გარდაიცვალა“
„აფრიკაში ებოლას ვირუსის მატარებელი 20 000 ადამიანია აღწერილი, აქედან 7 500 -ზე მეტი გარდაიცვალა“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ გააკეთა.
იმნაძის განცხადებით, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებად ისევ აფრიკის ქვეყნები – გვინეა,ლიბერია და სიერა ლეონე რჩებიან. მისივე განცხადებით, გვინეასა და ლიბერიაში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, სიერა ლეონეში კი შედარებით რთული მდგომარეობა რჩება.
„20 000 დაავადებულიდან 7 500- ზე მეტი უკვე გარდაცვლილია. ამ ქვეყნებში ექიმებიც კი არ ჰყავდათ, რომ ამ ვირუსთან ებრძოლათ. მაგალითად, ლიბერიაში სულ 7 ექიმი იყო, აქედან 5 გარდაიცვალა. ამ ვირუსთან ბრძოლაში ჩაებნენ სხვა ქვეყნებიც და ათასობით ექიმი მიავლინეს რისკის შემცველ ქვეყნებში, მათ შორის, უამრავი მოხალისე ექიმიც. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ მათთან ერთად იმყოფება ჩვენი თანამშრომელი არჩილ ლავდარაშვილი, რომელიც სიერა ლეონეში ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანზე მუშაობს“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს ებოლას საფრთხე არ ემუქრება. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის დაკვირვებაც კი არავისზე წარმოებს, რადგან საქართველოს და ამ ქვეყნებს ერთმანეთთან აქტიური მიმოსვლა არ აქვთ.
იმნაძის განცხადებით, რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან ორი თვის მანძილზე საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი ჩამოვიდა, რომელზე დაკვირვების ვადაც დეკემბერში ამოიწურა.