სოსო ჯაჭვლიანი: რელიგიის შეურაცხყოფა არ შეიძლება და თუ არ გწამს ღმერთის, მაშინ უნდა იწამო კანონის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ჯაჭვლიანი დარწმუნებულია, რომ დეპუტატები კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანონი საზოგადოებისთვის ძალიან პოზიტიური იქნება.
“ეს კანონი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ის ძალიან პოზიტიური იქნება საზოგადოებისთვის. ყველაფრის თქმა, რაც ენაზე მოგადგება, არ შეიძლება. ადამიანი იძახის, რომ თავისუფალია. თავისუფალი, ჩემი აზრით, გიჟია. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თქვა. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგესურვება, ის გააკეთო. რაღაცის გამოხატვას, თუ საზოგადოებისთვის მიუღებელია, უნდა მოერიდო. შესაძლებელია მე თქვენ გაკრიტიკოთ, მაგრამ გააჩნია, როგორ გაგაკრიტიკებთ. კრიტიკა მისაღებია, თუმცა შეურაცხყოფა სხვა რამეა, ამიტომ ნებისმიერი რელიგიის მქონე ადამიანის – იუდეველი იქნება, კათოლიკე, მართლმადიდებელი თუ სხვა გრძნობების შეურაცხყოფაზე გავრცელდება ეს კანონი”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.
უმრავლესობის წევრი დარწმუნებულია, რომ მისი ინიციატივით მომზადებული ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყანაში რელიგიური კუთხით არსებული ვითარება გამოსწორდება.
“ადამიანის შეურაცხყოფა, მისი რელიგიის შეურაცხყოფა არ შეიძლება და თუ არ გწამს ღმერთის, მაშინ უნდა იწამო კანონის. როდესაც ადამიანი პირჯვარს იწერს, როდესაც ადამიანი მეჩეთში შედის და ლოცულობს, არ უნდა შეურაცხყო. არ შეიძლება ღორის თავის მიჭედება მედრესეზე, არ შეიძლება ჯვარზე ღორის გაკვრა. ყველა რელიგიას აქვს თავისი დოგმატიკა და, აქედან გამომდინარე, იმის განსაზღვრა, თუ რა არის შეურაცხყოფა, ძალიან ადვილია… შეურაცხყოფაა, როცა ლოცულობ და დაგცინიან. ასევე არ შეიძლება დედის გინება. დედაზე რომ გაგინებენ, ამაზე რეაქცია უნდა გქონდეს, თუმცა უბედურება რომ არ მოხდეს, კანონში უნდა ჩაიწეროს რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. წადი სახლში და რამდენიც გინდა “იღადავე” და საზოგადოებაში ნუ აკეთებ ამას. სახალხოდ ნუ შეურაცხყოფ ადამიანს და მის რელიგიურ გრძნობებს”, – აღნიშნა ჯაჭვლიანმა.
მისივე თქმით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ევროპულ ქვეყნებშიც ისჯება. “ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ჩამოვთვლი ევროპის ქვეყნებს, სადაც ეს უკვე განსაზღვრულია და ასახულია კანონში: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი. ისრაელში 18-თვიანი პატიმრობაა. ჯარიმებია იტალიაში, გერმანიაში. ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. შესაბამისი პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
საქმე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის ინიციატორი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია. პროექტის ავტორი კი “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი ზვიად ტომარაძეა.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.
ცვლილებების მიხედვით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.