“ჩვენ გვინდა ვიხილოთ ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრების რაც შეიძლება ნაკლები დარღვევა”
ჩვენ გვინდა ვიხილოთ ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრების რაც შეიძლება ნაკლები დარღვევა და პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განსაკუთრებით დაძაბა ვითარება.
“ზოგადად, საგარეო საფრთხეები, სრულიად აშკარაა, რომ გაიზარდა და არ შემცირებულა. ჩვენს უშუალო შემოგარენში ძალიან დაძაბული ვითარებაა. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განსაკუთრებით დაძაბა ვითარება. ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას, არამედ ყველა ქვეყნის საზღვრების ურღვევობას. ამასთანავე, ჩვენ გვინდა ვიხილოთ რაც შეიძლება ნაკლები დარღვევები ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრების და პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება, თორემ სხვა შემთხვევაში, ესკალაცია შეიძლება სერიოზული საფრთხეების შემცველი იყოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით პრინციპული პოზიცია ექნება.
“ჩვენი საგარეო უწყება, საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს და ჩვენი პოზიცია ყველასთვის ნათელია ამ თვალსაზრისით”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.