თინა ხიდაშელი: თუკი რამით ვამაყობ, ეს არის მედიის თავისუფლების გაუმჯობესება ქვეყანაში
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში ვიზიტის დროს „რუსთავი 2“-ის შესახებ ისაუბრა.
თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოში 3 წლის წინ დამოუკიდებელი მედიასაშუალება არ არსებობდა, ამ ეტაპზე კი ქვეყანაში მედიის თავისუფლება გაუმჯობესებულია.
„3 წლის წინ ყველა ნაციონალური მედიასადგური ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ იმართებოდა. არ არსებობდა მთელ ქვეყანაში მაუწყებელი არცერთი ტელესადგური და მედიასაშუალება, რომელიც მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი იქნებოდა. ასეთი წარსულის შემდეგ, თუკი რამით მე პირადად ვამაყობ, ეს არის მედიის თავისუფლების გაუმჯობესება ქვეყანაში.
თუ თქვენ არ იცით, არ გაქვთ გაგონილი საქართველოში მედიის ვითარების შესახებ, არ იცით წლების განმავლობაში მფლობელების შეცვლის გარემოებებზე, თუ არ იცით, რომ ერთი ტელეარხი, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულია ჩვენი დემოკრატიული რეფორმის კრიტიკაში, იმართებოდა ჩემი წინამორბედი თავდაცვის მინისტრების მიერ, მაშინ ვითარება შეიძლება მახინჯად გამოჩნდეს. ტელესადგურის წინააღმდეგ საქმე სასამართლოშია. ზოგიერთ დამკვირვებელს შეუძლია ჰქონდეს წარმოდგენა, რომ მთავრობა ებრძვის ამ ტელევიზიას და ამიტომ არის საქმე სასამართლოში.
თუკი ცოტა მაინც იცი საქართველოზე და თუკი ვინმემ იცის ამ კონკრეტული და სხვა ტელეკომპანიების შესახებ, რომელიც არსებობდა 2012 წლის არჩევნებამდე, მაშინ შეკითხვები აღარ წამოიჭრება“, – აღნიშნა ხიდაშელმა.