პრეზიდენტმა პირველი მოწვევის პარლამენტის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის საკრებულოში, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელით, საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და ყველა მოწვევის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა.
„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე! პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ დავითს, რომ ეს დღე აღნიშვნის ღირსი გახადა, ჩვენ უნდა გამოვყოთ ასეთი დღეები და უნდა ვიზეიმოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვიზეიმოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის თითოეული მნიშვნელოვანი თარიღი.
ჩვენ შევძელით და 25 წლის წინ შევქმენით ჩვენი ქვეყნისთვის ბუნებრივი პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ პროცესში, რომელშიც აღარ იყო ერთი ჭეშმარიტება, როდესაც ჩვენ აღარ გვეუბნებოდნენ რომ მხოლოდ პარტიას ესმის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაცემული ჰქონდა საზოგადოებას და საზოგადოების სხვადასხვა წევრები თვითონ აყალიბებდნენ თავიანთ პოზიციას, ვისთვის მიენდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკური მმართველობის ბერკეტები.
25 წლის წინ ჩვენ ვაღიარეთ, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი და ეს განსხვავებული აზრი იყოს პატივისცემის ღირსი. ვიკამათოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, ვაღიაროთ ოპონენტი, ვაღიაროთ მისი უფლება ჰქონდეს სხვა შეხედულება და აზრთა ჭიდილში უკეთესი მივცეთ ქვეყანას.
ეს 25 წელი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენ ეს პოლიტიკური პროცესი გავიარეთ და მომავალშიც საქართველოს მივცემთ არა მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას, არამედ სხვადასხვა შეხედულებების მრავალფეროვნებას, აზრთა ჭიდილს, აზრთა დაპირისპირებას, მაგრამ ერთიანობას ქვეყნის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე პრინციპული ღირებულებების დასამკვიდრებლად.
მე მინდა თქვენ, ვისაც ხალხმა საკუთარი ბედი მოგანდოთ და ვინც წლების განმავლობაში ემსახურეთ საზოგადოებას, მოგილოცოთ ეს დღე, ვაღიარო თქვენი ღვაწლი, ვაღიარო თქვენი აზრები, დავუშვათ რომ ჩვენ სხვადასხვა საკითხებში ვერ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ვისაუბროთ მომავალზე, მომავალზე, რომელიც საქართველოში ისევ არ იქნება შავ-თეთრი, სადაც იქნება განსხვავებული შეხედულებები, სადაც იქნება ერთმანეთის აღიარება და უკეთესი ქვეყნის მშენებლობა.
დემოკრატიული არჩევნები ფუნდამენტია ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ დემოკრატიული არჩევნებით უნდა შევქმნათ ის ახალი ველი და სივრცე, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინ წაიყვანს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისარგებლა საპრეზიდენტო უფლებამოსილებით და პირველი მოწვევის პარლამენტის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.