გიორგი ოქროპირიძემ პროკურატურის მთავარ მოწმეს არაკაცი უწოდა

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ პროკურატურის მთავარ მოწმეს – ვლადიმერ ბერძენიშვილს სასამართლოს დარბაზში შესვლისას არაკაცი უწოდა. საქმეში არსებული მასალების თანახმად, პროკურატურის მთავარი მოწმე მახარაძესთან მეგობრობდა და მკვლელობის დროსაც მასთან ერთად იმყოფებოდა. ბერძენიშვილი სასამართლოს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აძლევს ჩვენებას.
გავრცელებული ინფორმაციით, მოწმის დაკითხვა ხმაურით მიმდინარეობდა. ბრალდებულმა მოსამართლისგან შენიშვნები მიიღო. ოქროპირიძეს ძველი დანაშაულისთვის, რამდენიმე წლის წინ ლევან თალაკვაძის მკვლელობისთვის, პატიმრობა მიესაჯა. მოწმე ბერძენიშვილმა, პროკურორის შეკითხვის საპასუხოდ, აღნიშნა, რომ ლევან თალაკვაძეს იცნობდა და იცოდა, რომ ოქროპირიძეს მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ კი უთანხმოება მოუვიდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა ტანზე გაიხადა და ნაფიც მსაჯულებს, იმის დასტურად, რომ შემთხვევის შედეგად ძლივს გადარჩა, ჭრილობა აჩვენა. მოსამართლემ ოქროპირიძე გააფრთხილა და აღნიშნა, რომ თუკი ბრალდებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობას ხელს შეუშლიდა, სხდომიდან გააძევებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები