ქეთევან ჯოხაძემ სტუდენტური ოლიმპიადა 2015 – „დაძლიე დამოკიდებულება“ გახსნა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ, ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან ირაკლი გვილავასთან ერთად სტუდენტური ოლიმპიადა 2015 – “დაძლიე დამოკიდებულება” გახსნა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის მიზანია შემეცნებით, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდობის ჩართულობით ანტინარკოტიკული პროპაგანდის წარმოება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. ღონისძიებაზე ქეთევან ჯოხაძემ ახალგაზრდებს სტუდენტური ოლიმპიადის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„თბილისის საკრებულო მუდამ მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტული მიმართულების პოპულარიზაციას ახდენს ახალგაზრდებში. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში მსგავსი ღონისძიებების მაშტაბები მკვეთრად გაიზრდება“, -განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
ოლიმპიადაში მონაწილეობას თბილისის 20 უმაღლესი სასწავლებლის 2500 სტუდენტი მიიღებს. შეჯიბრებები სპორტის ოთხ სახეობაში: მინიფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში 4 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. სტუდენტური ოლიმპიადა თბილისის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით “სამოქალაქო ინიციატივა საზოგადოების ჯანმრთელობისათვის” ორგანიზებით იმართება. გახსნის ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად საკრებულოს დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები