ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო კონფერენციას – „ნიადაგების როლი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საქმეში“ დაესწრო.
კონფერენცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ ნიადაგის დაცვა, მისი ნაყოფიერების შენარჩუნება და გაზრდა ის საკითხებია, რომლებიც ქვეყანაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს.
საქართველო მრავალფეროვანი ნიადაგით გამოირჩევა და ამ მრავალფეროვნებას, სიკეთეებთან ერთად, სირთულეებიც ახლავს, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული, ინდივიდუალური ზრუნვა სჭირდება.
ოთარ დანელიამ კონფერენციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს.
„მოხარული ვარ, რომ მეცნიერებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობის თვალსაჩინო შედეგები უკვე გვაქვს. მოგეხსენებათ, უკანასკნელ წლებში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული გახდა. თითოეული ჩვენგანისთვის მიწასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ეს იქნება პოლიტიკური, თუ მისი გამოყენების მიმართულებები, აქტუალურია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, მათ მიერ დაშვებული შეცდომების გააზრება და გათვალისწინება. ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი ნიადაგი და შესაბამისად, გვჭირდება მათზე ზრუნვის მრავალფეროვანი და სწორი მიდგომების ჩამოყალიბება, რაშიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, აკადემიასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
კონფერენციას, მონაწილე და მოწვეულ მეცნიერებთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2015 წელი ნიადაგის მსოფლიო წლად არის გამოცხადებული, 5 დეკემბერი კი ნიადაგის მსოფლიო დღეა.