აიუფ ბორჩაშვილის საქმე 7 დეკემბერს განახლდება
აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ საქმის განხილვა 7 დეკემბერს ჩაინიშნა. დღევანდელ პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში გაიმართა, ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცა კონტრტერორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ნანა ხუნჯუამ განაცხადა, მოწმის ჩვენების შინაარსზე ვერ ისაუბრებს, რადგან პროცესი დახურული იყო და ამის უფლება არ გააჩნია. დაცვის მხარის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მოწმემ არაერთი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, თუმცა, როდესაც ბრალდებულების ადვოკატებმა დაუსვეს შეკითხვები ინფორმაციის წყაროსთან დაკავშირებით, მათ აღნიშნეს, რომ წყაროს ვერ დაასახელებენ. ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ თუკი მოწმე წყაროს ვერ ასახელებს, ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად. ამასთან, ადვოკატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
შეგახსენებთ, რომ პანკისელ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულ კიდევ სამ პირს ედავებიან 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რაზმან ბაღაკაშვილის სირიაში გამგზავრებას. ბრალდებულები 2015 წლის ივნისში დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და გადაბირება ედებათ.