„ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსი ჯაშუში სიკვდილით დასაჯა
ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მორიგი მკვლელობის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. მასზე გადაღებულია მამაკაცის სიკვდილით დასჯა, რომელიც საკუთარ თავს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტს უწოდებს.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერში წითელკომბინეზონიანი მამაკაცი რუსულ ენაზე ამბობს, რომ ის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 2014 წლის ზაფხულში „დაავერბოვკა“, ხოლო შემდეგ მან ერაყში, ისლამისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეაღწია.
მამაკაცი აცხადებს, რომ იგი გროზნოში დაიბადა. რუსი აგენტის თქმით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 2014 წლის აგვისტოდან იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში რუსეთის უშიშროების სამსახურს ხუთჯერ დაუკავშირდა და ექვსი „ბოევიკის“ შესახებ ინფორმაცია გადასცა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში იმყოფებოდნენ.