ოლეგ მელნიკოვი: ზურაბ ადეიშვილთან გადაწყდა, გირგვლიანის საქმეზე ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში

“დათა ახალაიამ მომცა დაწერილი ჩვენება და მითხრა, ეს წაიკითხეო. პროკურატურაშიც და სასამართლოშიც ის გავიმეორე”, – ასე უპასუხა მოწმე ოლეგ მელნიკოვმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის კითხვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ელენე გოგუაძეს მოწმემ დეტალურად აღუწერა, თუ რა მოხდა შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების დღეს.
“მე ვიჯექი საჭესთან, მე და დათა ახალაია ერთად მივედით შარდენზე, ბარში დაბადების დღეზე, სადაც დაგვხვდა გურამ დონაძე, თაკო სალაყაია, ანა კალანდაძე, თათია მაისურაძე, კორტია და სანოძე. ყველა ვსვამდით, გავდიოდით და გამოვდიოდით. თათია მაისურაძე ერთ-ერთი გასვლის შემდეგ გაბრაზებული შემოვიდა და თაკოს უთხრა რაღაც. თაკომ ეს გადასცა დათას და უთხრა, მოაშორე ესენიო. დათამ მაჩვენა ორი პიროვნება და მითხრა, გადი და ეს აჩვენე ალანიასო. გავყევი ამ ორ პიროვნებას, იქ, ლესელიძის ქუჩაზე, იდგა ვასიკო სანოძის მანქანა. ეს პიროვნებები ვაჩვენე ალანიას, მერე გავიგე, რომ ის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. დათა ახალაია ძალიან გაბრაზებული იყო და ალანიას ეჩხუბა. ახალაიას ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან, ვანო მერაბიშვილი იქიდან ყვიროდა, დათა ახალაია აწყნარებდა, ყველაფერს მოვაგვარებო. მერაბიშვილმა იცოდა, რომ ამ საქმეში ალანია ფიგურირებდა. ალანიას მაგივრად ციხეში სხვა უნდა ჩამჯდარიყო. ამ საქმეში ფიგურირებდა ბიბილურიძე, ღაჭავა, ალანია, აფციაური, ქოქიაშვილი. როდესაც ხალხმა ამ საქმეზე დაიწყო ლაპარაკი, გადაწყდა, რომ ალანიას მაგივრად ციხეში სხვა უნდა წასულიყო. ქოქიაშვილის ციხეში ჩაჯდომა არ უნდოდათ, ეშინოდათ, რომ სიმართლეს იტყოდა და ყველაფერს გამოაშკარავებდა”,- განაცხადა მელნიკოვმა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის დროს.

პროკურორის კითხვაზე, რატომ მისცა ამ საქმესთან დაკავშირებით მელნიკოვმა ადრე სხვა ჩვენება, მან განაცხადა:

“დათა ახალაიამ მომცა დაწერილი ჩვენება და მითხრა, ეს წაიკითხეო. პროკურატურაშიც და სასამართლოშიც ის გავიმეორე. სალაყაიას რომ არ ეთქვა, ახალაიას საერთოდ არ აინტერესებდა ეს ორი პიროვნება. ამ ყველაფრის შემდეგ დამირეკა დათა ახალაიამ და მე, ის, სოსო თოფურიძე და გერონტი ალანია ჩავჯექით მანქანაში და მითხრეს, პროკურატურაში წავედითო. გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილთან დათა ახალაია ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. ჩემი აზრით, იქ უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში.

გამოვიდა ახალაია, ცუდ ხასიათზე იყო, თავის ძმაკაცს უშვებდა “სროკზე”. გია ალანიას უთხრა, შენ უნდა წახვიდე ციხეშიო. ალანიას შეეშინდა. დათამ უთხრა, ნუ გეშინია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთო. მერე სოსომაც იკითხა, რა ხდებაო. ამის შემდეგ ახალაიამ უთხრა, გადაწყდა, რომ გია უნდა ჩაჯდეს ციხეშიო. იქიდან მიხეილ სააკაშვილთან ავიდნენ შავნაბადას რეზიდენციაში. ალბათ, იცოდა მიხეილ სააკაშვილმა, რომ დათა მიდიოდა, რადგან მას მანქანიდან არავისთვის დაურეკავს. სააკაშვილთან შევიდა ახალაია, ის ერთი საათის შემდეგ გამოვიდა შავნაბადის რეზიდენციიდან და ალანიას უთხრა, მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ნუ ინერვიულებს, ცოტა ხანში შევიწყალებო. ამის შემდეგ სოსო თოფურიძე და ალანია ბევრ კითხვას უსვამდნენ ახალაიას”,- განაცხადა მოწმე მელნიკოვმა.

თუმცა, ოლეგ მელნიკოვის თქმით, დათა ახალაიას არ დაუკონკრეტებია ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენ ხანში შეიწყალებდა გია ალანიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები