„კინო და სოციალური ცვლილებები“ – კინოპროექტის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება

2 დეკემბერს, 11:00 საათზე, „თბილისი მარიოტში“, მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება პრესკონფერენცია პროექტის – „კინო და სოციალური ცვლილებების“ შესახებ.
პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის დირექტორი პაველ პატაროჩინი და ცნობილი ჟურნალისტი და ესეისტი ადამ მიხნიკი გაუძღვებიან.
„კინო და სოციალური ცვლილებები“ საერთაშორისო კინოპროექტია, რომელიც აერთიანებს დოკუმენტურ და სრულმეტრაჟიან ფილმებს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური თემატიკის გარშემო. პროექტი ასევე მოიცავს დისკუსიებს, ლექციებს, დებატებსა და მასტერკლასებს. ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრისა და ადამ მიცკევიჩის სახელობის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის – „კინო და სოციალური ცვლილებების“ პრეზენტაცია 2 დეკემბერს კინოთეატრ „რუსთაველში“ გაიმართება. პროგრამის კურატორები არიან: პოლონეთში ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გაზეთის მთავარი რედაქტორი, „სოლიდარობის მოძრაობის“ წევრი ადამ მიხნიკი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ნიუ-იორკის კინოფესტივალის დირექტორი 1988-2012 წლებში რიჩარდ პენია. „კინო და სოციალური ცვლილებები“ 27 ნოემბერს რიჩარდ პენიას მასტერკლასით გაიხსნა. პროგრამა 5 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და 7 ფილმის ჩვენებას მოიცავს (პოლონეთი, ისრაელი, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი, საქართველო).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები