რუსული ემბარგო თურქულ ხილსა და ბოსტნეულს შეეხება
რუსეთის ხელისუფლებამ ინფორმაცია გაავრცელა იმ ზომების შესახებ, რაც პრეზიდენტ პუტინის განკარგულების შემდეგ თურქეთის პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით იქნება მღებული.
„ბი–ბი–სის“ ცნობით, რუსეთის ვიცე–პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ემბარგო მხოლოდ თურქულ ხილსა და ბოსტნეულს შეეხება. ამასთანავე, მთავრობის მაღალჩინოსნის თქმით, ეს აკრძალვა რამდენიმე კვირის შემდეგ ამოქმედდება, რათა პროდუქციის დისტრიბუტორებს ალტერნატიული წყაროების მოძიებისთვის დრო მიეცეთ.
რუსეთის პირველი ვიცე–პრემიერის იგორ შუვალოვის თქმით, თურქულ სამრეწველო საქონელზე აკრძალვების შემოღება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ამასთანავე, ემბარგოში შემავალი პროდუქციის დასახელება „აუცილებლობის შემთხვევაში“ შეიძლება გაიზარდოს.
„ის ზომები, რაც მთავრობის დადგენილების პროექტში შევა, მხოლოდ პირველი ნაბიჯია“, – განაცხადა ვიცე–პრემიერთან შეხვედრაზე რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ გართულდა. ემბარგოს გარდა, რუსეთი 2016 წლის პირველი იანვრიდან თურქეთთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებასაც გეგმავს.