საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლატვიის რესპუბლიკის კანცელარიის დირექტორს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო კანცელარიის დირექტორს მარტინს კრიევინსს და ლატვიის საჯარო მმართველობის სკოლის ხელმძღვანელს შეხვდა.
შეხვედრაზე საჯარო მმართველობის, საჯარო სამსახურის, ელექტრონული მმართველობის რეფორმებზე და ურთიერთგამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერპექტივები დასახეს. კრიევინსის განცხადებით, შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.
„ჩემთვის, როგორც ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის დირექტორისთვის, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ვისწავლოთ საქართველოსგან, განსაკუთრებით მოქალაქეთა მომსახურების სფეროში, ასევე გავუზიაროთ საქართველოს ლატვიის გამოცდილება ევროინტერაციის და სხვა რეფორმების გზაზე“, – განაცხადა მარტინს კრიევინსმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, საქართველოსა და ლატვიის მთავრობების ადმინისტრაციებს ბევრი საერთო პროექტი აქვთ.
„მოგეხსენებათ, ლატვიამ გაიარა იგივე გზა, რასაც ჩვენ გავდივართ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მათი გამოცდილების გაზიარება“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.