უნგრეთი საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შანდორ საბოსა და საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს გეზა როლის შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ჯავახიშვილმა სტუმრებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა შეხვედრაზე, ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური ატაშე საქართველოს ბაზრით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ უნგრული კომპანიები ნელ-ნელა ფეხს იკიდებენ ქართულ ბაზარზე და მზად არიან, ინვესტიციების გასახორციელებლად. სტუმრები განსაკუთრებით წყალმომარაგების სფეროში გამოცხადებული და დაგეგმილი ტენდერებით დაინტერესდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.