ყიფშიძის ქუჩაზე დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ბაროტრამვა და სასუნთქი გზების ტრამვა აქვს, ასევე სახეზე, წინა მხრებზე და მტევნებზე მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.
“საპრტოექტო სამუშაოების კეთება დაწყებულია. ისინი დადებენ თუ არა დასკვნას, დაიწყება უკვე გამაგრებითი და აღდენითი სამუშაოები, რაც შეეხება დაზარალებულს, ერთი გამვლელი იყო და ის გამოწერეს. მეორე დაზარალებული შოკიდან გამოსულია და მის სამკურნალო ხარჯებს ვაკის რაიონის გამგეობა დაფარავს. ასევე ბინის აღდგენის ხარჯებს”, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა გიორგი ბირბიჩაძემ.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილობრივების თქმით, აფეთქებას ძლიერი ხმა მოჰყვა. მომხდარის შემდეგ კორპუსი სპეიალისტებმა შეამოწმეს. შემოწმების პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი ბინები მოქალაქეებისგან ევაკუირებული იყო.
ადგილობრივები იხსენებენ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი ქუჩაში იმყოფებოდნენ. ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა უკვე მივიდნენ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები. სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიიდან ნანგრევებს გაიტანენ.
აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა.