თინა ხიდაშელი: თურქეთის მოვლენების ფონზე რუსეთთან კოორდინაცია აუცილებელია

თურქეთის მოვლენების ფონზე რუსეთთან კოორდინაცია აუცილებელია, – აღნიშნული განცხადება “ქრონიკის” ეთერში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.
მისივე თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ანტიტერორისტული კოალიცია უკვე არსებობს და ის ერთი წლის წინ შეიქმნა.
როგორც ხიდაშელმა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, არავითარ ახალ კოალიციაზე საუბარი არ არის.
„ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ისინი არავითარ კოალიციაში არ იქნებიან, სადაც იქნება რუსეთი, იმიტომ რომ ისინი უკვე არიან იმ კოალიციაში, სადაც რუსეთი არ არის და თქვეს, რომ ამ კოალიციაში რუსეთი მოწვეული არ უნდა იყოს.
რაც შეეხება პრეზიდენტებს, გვაქვს ობამას მრავალი განცხადება, სადაც იგივეს იმეორებს, რასაც ბალტიისპირეთის პრეზიდენტები, ოღონდ ის ამბობს, რომ კოორდინაციის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. ამას ჩვენც ვადასტურებთ, დიახ, რუსეთთან კოორდინაციის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში, მაგრამ ის, რომ ქართველი, ლატვიელი, ესტონელი და რუსი ჯარისკაცები სადღაც ერთად დადგებიან, იბრძოლებენ და იმავე საღამოს ის რუსი ჯარისკაცები, ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ უკვე სხვა ტერიტორიაზე ტყვიას ესვრიან, ეს ერთად არ გამოდის.
რუსეთთან კოორდინაცია აუცილებელი და სავალდებულოა, ეს თურქეთის მოვლენებმაც აჩვენა, ისინი არიან ჰაერში, ისვრიან ბომბებს, შესაბამისად, მათთან ლაპარაკი აუცილებელია, მაგრამ ცალსახად ითქვა ნატოს და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, რომ რუსეთი არ არის კაოლიციაში დაპატიჟებული“, – აცხადებს ხიდაშელი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის შექმნის იდეა გააჟღერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები