წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები იწყება

თბილისის მერია 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებულ წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდით სამუშაოებს იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დავით ნარმანია სტიქიის ზონაში, დედაქალაქის მთავრობის წერვებთან, გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ვითარებას სამოქალაქო მოძრაობა „პარტიზანი მებაღეობის“ წევრებიც გაეცნენ.
მომავალში დამატებითი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, 13 ივნისის სტიქიის დროს ჩამოშლილი ფერდობიდან იგეგმება დაზიანებული ხეების მოცლა. ფერდობის დაზიანებული ხეებისგან გაწმენდა არის პირველი ეტაპი, შემდგომ კი აღნიშნულ მონაკვეთზე სხვა ტიპის სამუშაოები დაიგეგმება.

დავით ნარმანიას განცხადებით, ფერდობიდან გატანილი დამუშავებული საშეშე მასალა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა.

„იმისათვის რომ მომავალშიც დამატებით არ შეიქმნას საფრთხე, მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული და დაძრული ხის მასა მოიჭრას და გამოვიტანოთ. ჩვენ უკვე გვყავს კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც ეს სამუშაოები უნდა დაიწყოს უახლოეს დღეებში. დამუშავებული საშეშე მასალა გადაეცემა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. ამის შემდეგ კი უკვე იქნება კონკრეტული შეფასებითი სამუშაოები დამატებით საინჟინრო გადაწყვეტასთან დაკავშირებით, რომელზეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

13 ივნისის სტიქიის დროს ჩამოშლილი ფერდობზე დაზიანებული ხეები თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მოძრაობის წევრის ნატა ფერაძის განცხადებით, ფერდობზე არსებული დაზიანებული ხეები აუცილებლად მოსაჭრელია. მისივე თქმით, „პატიზანული მებაღეობა“ აღნიშნული ტერიტორიის გამწვანების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

„ძალიან გვიხარია, რომ ვიდრე სამუშაოები დაიწყო, მერიამ მოგვიხმო, ახლა მოვედით, ერთად განვიხილავთ და გახსნილი იქნება ინფორმაცია. ჩვენი სპეციალისტებიც შეფასებებს გააკეთებენ და იმედი მაქვს, რომ უკვე ყველა საქმე კანონზომიერად წარიმართება. ეს რომ დასასუფთავებელი და მოსაჭრელია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ასევე ვეცდებით ჩავერთოთ თუ რა ალტერნატიული ხეები უნდა დაირგოს“,- განაცხადა ნატა ფერაძემ.

წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის დაზიანებულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყებამდე ჩატარდა კვლევები და მომზადდა შესაბამისი ექსპერტული დასკვნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები