გერმანიაში დააკავეს პირი, რომელმაც პარიზელ ტერორისტებს იარაღი მიჰყიდა
გერმანიის პოლიციამ ქვეყნის 34 წლის მოქალაქე დააკავა, რომელიც პარიზელი ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდებაშია ეჭვმიტანილი. გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, სწორედ გერმანიაში შეიძინეს ტერორისტებმა ჩინური წარმოების ორი „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატი და ორი იუგოსლავიის წარმოების ავტომატი „ზასტავა მ 70“. ეს იარაღი გამოიყენებოდა პარიზის ტერორისტული შეტევების დროს, როდესაც 130 ადამიანი დაიღუპა.
გამოცემის ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულმა, სახელად საშა მ -მ 7 ნოემბერს იარაღი ერთ-ერთ არაბს მიჰყიდა, რის შესახებაც სმარტფონში ჩანაწერი დატოვა. იარაღით მოვაჭრე პოლიციის თვალთახედვის არეალში ადრეც მოხვედრილა. პოლიციის ინფორმაციით, 2015 წლის 14 აგვისტოდან 18 ნოემბრამდე მან იარაღის გაყიდვის რვა გარიგება განახორციელა. დაკავებისას საშა მ-ს 16 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, რომლის გაყიდვა მან ვერ მოასწრო.