იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დასკვნა დადებითი იქნება

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასკვნა, რომელიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, დადებითი იქნება.
როგორც იოჰანეს ჰანმა გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ევროპულ არჩევანზე შეიძლება გავლენა მოახდინოს იუსტიციის სისტემამ და სიტყვის თავისუფლებამ.
“მინდა, ვაღიარო და ვთქვა, რომ საქართველო საკმაო წარმატებას აღწევს ამ თვალსაზრისით. არ იქნება საიდუმლოება, თუ გამოვხატავ ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდება 15 დეკემბერს, იქნება დადებითი. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, ამას სჭირდება დრო”, – განაცხადა ჰანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი  დიდ და პატარა ქვეყნებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, ვინ ახლოს არის ევროკავშირთან და ვინ შორს.
“ჩვენ გვაქვს გარკვეული მეთოდოლოგია, როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მზაობას, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაციის შედეგები. ჩვენ განსხვავებას არ ვაკეთებთ დიდ და მცირე ქვეყნებს შორის, ასევე – ვინ ახლოს არის ევროკავშირთან და ვინ შორს. ვგულისხმობ გეოგრაფიულ მდებარეობას. რაც შეეხება საქართველოს ევროპულ არჩევანს, მასზე შეიძლება გავლენა მოახდინოს იუსტიციის სისტემამ, მასმედიამ, სიტყვის თავისუფლებამ. ეს ფუნდამენტური უფლებები მნიშვნელოვანია ევროპისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, ის ამ პრინციპების დაცვის სადარაჯოზე დგას“, – განაცხადა ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები