ოლანდი და პუტინი სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის პროცესში სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეხვედრა მოსკოვში გაიმართა. ასევე საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პარიზი აპირებს სირიაში მოხალისეების მხარდაჭერის გაზრდას, რომლებიც ჯიჰადისტებს ებრძვიან. ოლანდის თქმით, სირიის დღევანდელ პრეზიდენტს ბაშარ ასადს ქვეყნის ცხოვრებაში მომავალი არა აქვს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთიც მზად არის, სირიაში ზოგიერთ ამბოხებულთა ჯგუფს მხარი დაუჭიროს, მაგრამ, პუტინის თქმით, ბაშარ ასადი და სირიის სამთავრობო ძალები ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში მთავარ მოკავშირეებად რჩებიან. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი და საფრანგეთი მზად არიან, იპოვონ და დასაჯონ ისინი, ვინც სინაის ნახევარკუნძულზე რუსული ავიალაინერის აფეთქებასთან და პარიზის ტერაქტებთან არის დაკავშირებული.