იუსტიციის უმაღლესი  საბჭო განცხადებას ავრცელებს – „7 მოსამართლის  დაწინაურებით კანონი არ დარღვეულა“

 

 საქართველოს იუსტიციის  საბჭო   7 მოსამართლის დაწინაურების  საკითხის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც „კვირას“ იუსტიციის საბჭოდან აცნობეს,    იუსტიციის საბჭოს  სააპელაციო სასამართლოს 7 მოსამართლის დაწინაურებით კანონი არ დაურღვევია.
„კვირა“  იუსტიციის საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გააკეთოს ზოგიერთი განმარტება საზოგადოებისათვის იმ მოვლენების გამო, რაც უკავშირდება  ამა წლის 16 ნოემბერს საბჭოს მიერ 7 მოსამართლის დაწინაურებას და მის უარყოფითად შეფასებას კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მიერ.
საბჭო მიესალმება ყოველგვარ კრიტიკას, გამოთქმულს საბჭოს ცალკეული გადაწყვეტილებებისა თუ მისი მთელი საქმიანობის მიმართ, რადგან მიაჩნია, რომ ის მიზნები, რასაც საბჭოს საქმიანობა ემსახურება, მთელი საზოგადოების საზრუნავია იმავდროულად. ამის მიუხედავად, საბჭო იტოვებს უფლებას, პასუხი გასცეს უსაფუძვლო კრიტიკას და, როგორც მართლმსაჯულების პროცესის შეუფერხებლად განხორციელებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, იმოქმედოს ისე, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს შესაბამის გარემოებებში, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ კანონის საფუძველზე და მართლმსაჯულების უმთავრესი ინტერესების გათვალისწინებით.

გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა

7 მოსამართლის დაწინაურებით სააპელაციო სასამართლოში, საბჭოს კანონი არ დაურღვევია. იგი დაეყრდნო საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე და 41- მუხლებს, რომელთა ძალითაც, დაშვებულია სულ მცირე 2 წლის სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოქმედი მოსამართლის (და ამ პირობიდან  დაწესებულია გამონაკლისიც, რომელიც საბჭოს არ გამოუყენებია) დანიშვნა კონკურსის გარეშე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
ორგანული კანონით შესაბამისი პროცედურა დაწვრილებით გაწერილი არ არის, მაგრამ ეს ხარვეზი გამოასწორა საბჭომ, როდესაც თავისი ამა წლის 19 ოქტომბრის  გადაწყვეტილებით დაადგინა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, საკითხის განხილვის წესი, დაწინაურების კრიტერიუმები, პროცედურა, ვადები, იუსტიციის საბჭოს წევრთა  ვალდებულებები და სხვა,  და გამოიყენა კიდევაც იგი. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ბოლო 1 წლის განმავლობაში მათი საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მონაცემები (განხორციელებული  „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით), მოსამართლეებთან გასაუბრება (ღია და არა დახურულ სხდომაზე), ცალკეულ კანდიდატებზე მსჯელობა საბჭოს წევრებს შორის და ა. შ.
მართალია, დაწვრილებითი რეგულაციები შემუშავდა და გამოქვეყნდა დაწინაურების მსურველ მოსამართლეთა მხრიდან განაცხადების შეტანის შემდეგ (ეს მართლაც იყო პროცესის ნაკლოვანება), მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა საკუთრივ კანდიდატურების ჯეროვნად განხილვასა და სამართლიანი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. უფრო მეტიც, რეგულაციების შემუშავებისას, საბჭომ მიმართა არასამთავრობო სექტორსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საბჭოსათვის მიეწოდებინათ თავიანთი კონკრეტული მოსაზრებები დაწინაურების კრიტერიუმებისა თუ პროცედურის საკითხებზე, თუმცა არავის მხრიდან რაიმე მოსაზრება თუ საქმიანი წინადადება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამასთან, გვსურს იმაზე ხაზგასმაც, რომ მითითება „კონკურსის გარეშე“ მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე, პირობითია და საქმის ნამდვილ არსს არ შეესაბამება. „კონკურსი“  საერთო სასამართლოების შესახებ კანონის გაგებით, გულისხმობს პროცედურას, რომელიც მიზნად ისახავს ვინმეს მოსამართლედ დანიშვნას ახალი ვადით და მისი სამუდამო გამწესების დიდი პერსპექტივით, მაშინ როდესაც, „კონკურსის გარეშე“ დანიშვნა გულისხმობს მოქმედი მოსამართლის სხვა სასამართლოში დანიშვნას დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ კანონი უშვებს მოქმედი მოსამართლის სხვა, მათ შორის ზემდგომ სასამართლოში „კონკურსის გარეშე“ დანიშვნას, იუსტიციის საბჭოს მიერ შემუშავებული შესაბამისი რეგულაციები, ფაქტობრივად, სწორედ დასაწინაურებელი მოსამართლეების კონკურსის გზით შერჩევას გულისხმობს. და ეს ასეც მოხდა პრაქტიკაში, რამდენადაც ყველა მსურველს გააჩნდა შესაძლებლობა შეეტანა განაცხადი და მოეთხოვა მისი კანდიდატურის განხილვა. საბოლოოდ, საბჭომ 26 კანდიდატიდან შეფასების შედეგად შეარჩია 7 მათგანი. ეს პროცედურა, პრაქტიკულად, მცირედით თუ განსხვავდება „კონკურსის“ იმ ორდინარული პროცედურისაგან, რომელიც პირველად ანდა ახალი ვადით მოსამართლედ გამწესების დროს გამოიყენება.
მთლიანობაში, დაწინაურების გზით მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (28 სექტემბერი)  საბოლოო კენჭისყრამდე (16 ნოემბერი) განხორციელებულ პროცედურებს დასჭირდა 50 დღე. ეს პერიოდი კი დაწინაურების მსურველ კანდიდატთა  შედარებით მცირე რაოდენობის (26) მხედველობაში მიღებით, ვერ ჩაითვლება არასაკმარისად, და მით უფრო, ისეთ ფორსირებულ პროცესად, რომელიც საბჭოს არ მისცემდა ინფორმირებული და საფუძვლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

საერთო მიზანშეწონილობა

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე და 41-ე მუხლების საფუძველზე მოსამართლეების ზედა ინსტანციებში გადაყვანაზე საერთოდ უარის თქმა, მიუღებელია. ეს მოქმედ მოსამართლეთა დაწინაურების უფლების გაუქმების ტოლფასი და კარიერის იმ პრინციპის საწინააღმდეგო იქნებოდა, რაც მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაშია დამკვიდრებული. როგორც დაწინაურების ლეგიტიმური მოტივაციის ხელშეწყობის, ისე სამოსამართლო რესურსის ეფექტიანი გამოყენების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეობის გამოცდილების მქონე პირები ინიშნებოდნენ და რომ მიუღებელი იქნებოდა, მოსამართლეები დაგვეყენებინა არჩევანის წინაშე – დაწინაურების სურვილის შემთხვევაში, ან დალოდებოდნენ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვას და შემდეგ ეცადათ ბედი, ანდა თავად ეთქვათ უარი უფლებამოსილების გარანტირებულ ვადაზე და დაექვემდებარებინათ თავი სამწლიანი საგამოცდო ვადისათვის, ისიც, მხოლოდ კონკურსში წარმატების შემთხვევაში. უფრო მეტიც, საბჭოს მიაჩნია, რომ მომწიფდა დრო, შეიცვალოს მიდგომები, და უფრო მეტი ნაბიჯები გადაიდგას მოსამართლეთა კარიერის პრინციპის განვითარებისათვის. ამ თემაზე ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება დისკუსიის გახსნა და ყოველგვარი პრო და კონტრა – არგუმენტების მოსმენა ყველას, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

პრაქტიკული საჭიროება

საბჭოს მიერ ჩატარებულმა ბოლო კონკურსებმა აჩვენა, რომ საბჭოს ძალიან გაუჭირდა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა იმ კონტიგენტიდან, რომელიც კონკურსებში მონაწილეობდა და რომლის ძირითადი შემადგენლობა, კონკურსიდან კონკურსამდე, იგივე რჩებოდა. ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 3 კანდიდატი დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში. ერთი მხრივ, ამ ფაქტორმა,  მეორე მხრივ კი იმ გარემოებამ, რომ ერთბაშად სააპელაციო სასამართლოს 10მოსამართლეს დაუმთავრდა უფლებამოსილება, რამაცგაზარდა ვაკანტური ადგილების რაოდენობა, და,მასთან ერთად, დარჩენილი მოსამართლეების სამუშაო ტვირთი, იუსტიციის საბჭოსუბიძგა, გადაუდებელი აუცილებლობიდან და მოსამართლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, განეხორციელებინა სააპელაციო სასამართლოებში მოქმედ მოსამართლეთა დანიშვნა- დაწინაურება. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ საბჭომ გადაწყვიტა, 17 ვაკანტური ადგილიდან სააპელაციო სასამართლოებში  (საერთო სასამართლოების სისტემაში სულ 68 ვაკანტური ადგილიდან) მხოლოდ 7 ადგილი გამოეყენებინა მოქმედი მოსამართლეების დასაწინაურებლად. ამგვარად, ხსენებული კანონის 37-ე და 41- მუხლების გამოყენება არ მომხდარა ექსცესიურად და ორდინარულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა საზიანოდ თუ მათი უფლებების დარღვევით. თუ საბჭოს წევრები მოქმედებდნენ რაიმე სხვა ინტერესებით, გარდა მართლმსაჯულების ინტერესისა, მათ არაფერი აბრკოლებდათ, რომ იგივე პირები ორდინარული კონკურსის მეშვეობით გაემწესებინათ იმავე ადგილებზე,  რათა თავიდან აეცილებინათ გარკვეული ეჭვების წარმოშობა და უკეთ „შეენიღბათ“ თავიანთი „არალეგიტიმური მოტივაცია“.

რაც შეეხება სხვა ეჭვებსა და სამდურავს:

კოალიციის საყვედური, რომ საბჭომ კენჭისყრის პროცედურა არ გადადო სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებული მასალის განხილვამდე, რელევანტური არ არის. აღნიშნული მასალა საბჭოში შემოვიდა კენჭისყრის დრემდე ორი დრით ადრე, და საბჭოს ზოგიერთი წევრისათვის მის შესახებ ცნობილი გახდა ან კენჭისყრის წინა დღეს ან სწორედ კენჭისყრის დღეს. ასეთ ვითარებაში, გონივრული არ იქნებოდა, საბჭოს შეეწყვიტა კანონის საფუძველზე განხორციელებული დაუკვე დასასრულს მიახლოებული პროცედურა და გაურკვეველი ვადით დალოდებოდა მასალაში მითითებული ინფორმაციისდისციპლინური სამართალწარმოების ფორმატში გამოკვლევასა და მის შედეგებს. დისციპლინური დარღვევის ფაქტების სათანადოდ პროცედურის გზით დადგენამდე, საბჭოს არ ჰქონდა უფლება, ესა თუ ის ნეგატიური ინფორმაცია მოსამართლის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა იმ პრეზუმფციებიდან გამომდინარე, რაც დემოკრატიულ სისტემებში არსებობს მოსამართლის კეთილსინდისიერებისა თუ დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოდ.
ასევე უნიადაგოა და მხოლოდ სპეკულაციებს ემყარება კოალიციის მოსაზრება საბჭოს წევრებს შორის „უკანონო გარიგებების“ შესახებ, რაც თითქოსდა იმით მტკიცდება, რომ 7-მა კანდიდატმა 11 ხმიდან მიიღო 10 ხმა. ცხადია, თითოეული კანდიდატი, მათი ღირსება-ნაკლოვანებები იყო საბჭოს წევრთა განხილვის, მსჯელობისა და საბოლოო შეთანხმების საგანი. საბჭოსათვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა შეფასდეს  გარკვეულ კანდიდატებზე კონსენსუსის მიღწევა უარყოფითად და რატომ იქნებოდა შეუთანხმებლობა უფრო დადებითი მოვლენა როგორც საბჭოს ქმედითობის, ისე მართლმსაჯულების ინტერესების თვალსაზრისით.
საბჭო არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსამართლეთა დაწინაურების, ისევე როგორც სხვა სფეროებში, ჯერ კიდევ დიდი სივრცეა შემდგომი გაუმჯობესებისათვის, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ ჭრილში.  უფრო მეტიც, საბჭოს დაგეგმილი აქვს და უკვე დაიწყო კიდევაც ახლებური მიდგომების შემუშავება. კერძოდ, დაგეგმილი აქვს, მოსამართლეთა მუდმივი პროფესიული შეფასების სისტემის შექმნა და ჩამოყალიბება, რომლის ნაწილიც გახდება მოსამართლეთა დაწინაურების კონცეფცია.
დაბოლოს, საბჭო მოუწოდებს კოალიციას, საბჭოს საქმიანობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მონიტორინგი არ გადაზარდოს სპეკულაციებზე დამყარებულ კრიტიკაში, და ნებსით თუ უნებლიეთ ხელი არ შეუწყოს საბჭოს თუ ცალკეულ მოსამართლეთა დისკრედიტაციას. ველით, რომ სამოქალაქო სექტორი სათანადო ყურადღებას დაუთმობს არა მარტო საბჭოს საქმიანობის კრიტიკას, არამედ იმ მძიმე საზოგადოებრივ წნეხის უარყოფით შეფასებასაც, ბოლო დროს რომ ხორციელდება კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ დაასეთ დიდ ზიანს რომ აყენებს სასამართლოს ჯერ კიდევ მყიფე დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები