გუშინ გამოქვეყნებული ვიდეომიმართვის ერთ-ერთი მონაწილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი საქართველოდან აგვისტოს ბოლოს წავიდა

გუშინ გამოქვეყნებული ვიდეომიმართვის ერთ-ერთი მონაწილის, ბადრი ირემაძის დედის, მერი ირემაძის განცხადებით, მისი შვილი საქართველოდან აგვისტოს ბოლოს წავიდა.
მისივე თქმით, წასვლისას ბადრი ირემაძემ უთხრა, რომ თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიოდა, რათა ვალები გადაეხადა. ირემაძის განმარტებით, შვილის სირიაში წასვლის შესახებ სირიაში ერთ-ერთი წასულის მშობლისგან შეიტყო.
„ჩაის საკრეფად მივდივარო, დამემშვიდობა. ვალები მაქვსო, – თქვა და უნდა გადავიხადოო. აგვისტოს ბოლო იქნებოდა. შემდეგ, სირიაში ერთ-ერთი წასულის მშობლისგან გავიგე, რომ ისინი სირიაში არიან”, – განაცხადა ირემაძემ “პალიტრაTV“-სთან საუბარში.
მისივე თქმით, შვილმა წერილიც გამოუგზავნა, სადაც დედას პატიებას სთხოვს.
“წერილში წერს, მაპატიე ყველაფერი, თუ რამე გატკინეო. ცოტა ვალი მაქვს და თხილის ფულით გადაიხადე და თუ ჩემი შვილი მოევლინა ქვეყანას, მიმიხედეო”, – აღნიშნავს ირემაძე. მისივე თქმით, ბადრი ირემაძე ორი წლის წინ დაოჯახდა, ორი თვის წინ კი შვილი შეეძინა, თუმცა ცოლთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა.
მერი ირემაძის თქმით, შვილმა უთხრა, რომ მუსლიმანების დასახმარებლად წავიდა სირიაში, თუმცა ამაში რას გულისხმობს, ბადრი ირემაძის დედა არ საუბრობს. ბადრი ირემაძე 32 წლისაა.
ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სახელით ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმანების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმანებს “ისლამური ხალიფატის” მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები