სამტრედია–გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა თანამედროვე PVD ტექნოლოგიით მიმდინარეობს

სამტრედია–გრიგოლეთის 11,5-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ჭარბწყლიანობით ხასიათდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას თანამედროვე PVD ტექნოლოგიით ახორციელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ტექნოლოგიის მიხედვით, გზის საფუძველ გრუნტში ვერტიკალური დრენაჟები (ფითილები) თავსდება, რომლებიც ნიადაგიდან წყლის გამოდევნას უზრუნველყოფს. აღნიშნული მეთოდი მომავალში გზის საფარის დეფორმაციის შესაძლებლობას ამცირებს.
პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის, ხელოვნური ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.
პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
პროექტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, უკრაინული კომპანია Road Building ALTCOM ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები