“მედიასაშუალებებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, ინფორმაცია მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით გაავრცელონ”

ტერორისტული მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
23 ნოემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელიც შეიცავს ტერორისტული შინაარსის მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას. რამდენიმე მედიასაშუალებამ მიმართვები უცვლელად გაუშვა.
საზოგადოებას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მოსალოდნელი ძალადობისა თუ სხვა საფრთხის შესახებ, თუმცა მედიასაშუალებებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, ინფორმაცია გაავრცელონ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით, რათა თავიდან იყოს აცილებული შიშისა და პანიკის გავრცელება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, უცვლელი ფორმით ნუ გაავრცელებენ ტერორისტული შინაარსის მიმართვებს და ნუ შეუწყობენ ხელს ვიდეოს ავტორთა აზრების ტირაჟირებას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიასაშუალებებს აძლევს რეკომენდაციას:
მოკლედ გადმოსცენ ტერორისტული ვიდეომიმართვის შინაარსი;
არ გამოაქვეყნონ ტერორისტთა მიმართვები უცვლელად, გადასცენ რედაქტირებული სახით, რათა თავიდან იქნას აცილებული მის მიერ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება;
არ გამოაქვეყნონ ვებგვერდის კონკრეტული ბმული, სადაც კადრები აიტვირთა;
თუ კადრები არ შეიცავს ძალადობის სცენებს, შესაძლებელია მათი გამოყენება გადაფარვის მიზნით, ხმის გარეშე”, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები